14 ოქტომბერი 2024,   03:58
ვრცლად
რა ეკრძალებათ ორსულებს - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის რჩევები

რა ეკრძალებათ ორსულებს - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა თათია ტუღუშმა "რუსთავი 2-ის" დილის ეთერში, ორსულობაზე და ორსულობის დროს გასათვალისწინებელ სხვადასხვა აკრძალაზე ისაუბრა.

როგორი უნდა იყოს ორსულის კვების რეჟიმი ფეხმძიმობის პერიოდში?

"საქართველოში არის რატომღაც ეს აზრი, რომ ორსულმა ყველაფერი უნდა მიირთვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს რაღაც დააკლდება. ასევე ჩემს ორსულებს ხშირად ეკითხებიან რატომ აქვთ ცოტა ნამატი? - პირიქით ეს ძალიან კარგია.

ძალიან დამთრგუნველია, როდესაც ჭარბი წონა გემატება, არამარტო გარეგნული იერისთვის, არამედ ნაყოფისთვისაც. ამ დროს ხდება წნევის მომატება და იცვლება წნევის ცვალებადობა, რაც ისედაც ახასიათებს ორსულობას და ამ დროს განსაკუთრებით საშიშია. ამან შესაძლოა ნაყოფიც და დედაც ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დააყენოს," - აღნიშნა თათა ტუღუშმა.

უნდა დავიბჟინოთ თუ არა კბილი ან შევიღებოთ თუ არა თმა ორსულობის დროს?

"8-10 კვირის შემდეგ, შესაძლებელია კბილის დაბჟენაც, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ გვაქვს თუ არა ანესთეზიის პრეპარატებზე ალერგია, სტომატოლოგი უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ უადრენალინო ანესთეზია გაკეთდეს.

თმის შეღებვაც რეკომენდებულია უამიაკო საღებავით. ხოლო რაც შეეხება ლაზერს, ეს დასაშვებია ორსულებში ასევე 8 კვირის შემდეგ, რადგან ის სხივი იმ სიღრმეზე ნამდვილად არ შედის, რომ რაიმე ცუდი შედეგი გამოიწვიოს.

რაც შეეხება შილაკს, ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზოგადად კრძალავს. ორსულობის დროს გამორიცხულია, რადგან რაიმე გადაუდებელი რომ მოხდეს, სანამ ამ ფრჩხილს გადაწმენდენ ექიმები დრო გადის, შილაკი კი ძალიან ბევრ მანიპულაციას უშლის ხელს. ჩემი რჩევაა ყოველთვის ორსულებთან, რომ უბრალოდ მოიწესრიგონ ფრჩხილები და გადაისვან ჩვეულებრივი ლაქი," - აცხადებს თათა ტუღუში.

შეიძლება თუ არა ორსულისთვის ცხელი აბაზანის მიღება ან თვითმფრინავით მგზავრობა?

"ძალიან ცხელი შხაპის მიღება ორსულებისთვის არ არის მისაღები. სისხლძარღვებისთვის და ასევე ზედაპირული ვენებისთვის მავნებელია და ესთეტიურადაც ცუდად ჩანს შემდეგ.

ყველაზე კარგია კონტრასტული შხაპი, 15 წუთი შედარებით ცხელი და შემდეგ გრილი ეს დაახლოებით სამჯერ უნდა გავიმეოროთ. ამ დროს გამოიყოფა სხეულში დიდი რაოდენობით ენდორფინები და ეს როგორც ორსულისთვის, ასევე ნაყოფისთვის არაჩვეულებრივია.

სასურველია, რომ 8 კვირამდე ორსულმა მოგზაურობისგან თავი შეიკავოს, თუმცა თუ აუცილებელია წასვლა, მნიშვნელოვანია ვიქონიოთ დაზღვევა.

8 კვირის მერე თუ ყველაფერი ნორმალურად და პათოლოგიების გარეშე მიმდინარეობს, ანუ, არ არის არც ჰემატომა და არც რაიმე სახის სისხლიანი გამონადენი, ჩვეულებრივად არის შესაძლებელი მოგზაურობა. უბრალოდ აქ მექნება ერთი რეკომენდაცია - სპეციალური ელასტიური წინდები აუცილებელია ფრენის დროს, ეს არის ანტითრომბ წინდები, რომელიც საპროფილაქტიკოდ ძალიან კარგია. ეს, არამხოლოდ ფრენის დროს, არამედ ჩემს ყველა ორსულს ვთხოვ 2 საათზე მეტ ხანს თუ მგზავრობენ სადმე, თუნდაც ავტომობილით, იქაც ჩაიცვან ხოლმე,"- აცხადებს თათა ტუღუში.

დღის ამბები