24 სექტემბერი 2024,   14:30
ვრცლად
აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კურორტ აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.

პარკში, რომელსაც ადგილობრივები, ისტორიულად, "როშას პარკით" იხსენიებენ, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციისა და ელექტრო საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი. ასევე, აშენდა ერთსართულიანი ადმინისტრაციული შენობა. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.

დასკვნით ფაზაშია აბასთუმნის ავტოსადგომის მშენებლობაც. უკვე დასრულებულია სადგურის შენობა და აქტიურად გრძელდება შიდა მოსაპირკეთებელი და საინჟინრო სამუშაოები.

აბასთუმნის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.3 მილიონ ლარამდე მოხმარდა.

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასულ წლებში უკვე დაასრულა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია.

შემუშავდა კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია. უნიკალური კურორტის განვითარებისთვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა", - განმარტავენ უწყებაში.

დღის ამბები