26 სექტემბერი 2024,   00:16
ვრცლად
მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაწყებული ფინანსური დავა, რომელიც ქურდული გარჩევითა და 5 პირის დაკავებით დასრულდა - სპეცოპერაცია თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ჩატარდა

მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაწყებული ფინანსური დავა, რომელიც ქურდული გარჩევითა და 5 პირის დაკავებით დასრულდა - სპეცოპერაცია, ერთდროულად, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ჩატარდა. დაკავებულები არიან ქურდული სამყაროს წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, ასევე - ის ორი პირი, რომლებმაც, ფინანსური დავის გადასაწყვეტად, "შავი სამყაროს" წარმომადგენლებს მიმართეს.

9-ტომიან საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები, სადაც კარგად ისმის, თუ როგორ ითხოვენ კრიმინალური ავტორიტეტები 15 000 ლარის გადახდას. სატელეფონო საუბრის დროს, ისმის გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის სახელიც. თანხა სრულად გადახდილია, თუმცა კრიმინალური გარჩევის ყველა მონაწილე ახლა ერთად ელოდება სასამართლო განაჩენს.

ე.წ. ქურდული გარჩევის ფარული კადრები, "კურიერის" ინფორმაციით, ოზურგეთში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეა გადაღებული. დაპირისპირებული მხარეები, კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, ფინანსური დავის მოგვარებას ცდილობდნენ. მასალა სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით გადაიღეს. ყველა პირი, რომელიც ამ შეკრებაში მონაწილეობდა, უკვე დაკავებულია. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაჭერისა და მიმართვისთვის, პოლიციამ ხელბორკილები სულ 5 პირს დაადო.

ფარულად გადაღებული კადრების გარდა, საქმეში მტკიცებულებად ფარული სატელეფონო საუბრებიც დევს. ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ორ პირს, მშენებლობასთან დაკავშირებით, უთანხმოება მოუვიდა, ფინანსური დავის მოგვარება კი ორივე მათგანმა ე.წ. ქურდული მეთოდებით გადაწყვიტა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა.

ფინანსური დავა ნაწილობრივ მოგვარდა - გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფებმა, მოდავე მხარეს, მეორის სასარგებლოდ, 15 000 ლარი მიატანინეს. რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ეს თანხა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა თავად გადაინაწილეს და პირს, რომელმაც მათ დასახმარებლად მიმართა, თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი ერგო.

გავრცელებულ სატელეფონო საუბრებში, სავარაუდოდ, ბრალდებულები ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდსაც ახსენებენ. "კურიერის" ინფორმაციით, ის ტარიელ ონიანია და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, მეტი დამაჯერებლობისთვის, მის სახელს იყენებენ. მოდავე მხარეებს არწმუნებდნენ, რომ ფინანსური დავის მოგვარებაში საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი იყო ჩართული.

5-წუთიანი ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულებებია. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების ასაყვანად, პოლიციამ დაკავების ღონისძიება თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ჩაატარა.

სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ბრალდებულების ბინებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, კომპიუტერული ტექნიკა და ის მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.

უკვე ცნობილია, რომ არცერთ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ინტერესების დამცველებს საქმის მასალები უკვე ჩაბარდათ.

ე.წ. ქურდული სამყაროსთან კავშირში მყოფ პირებზე, ოფიციალური განცხადება დღეს გენერალურმა პროკურატურამაც გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს ხუთივე მათგანის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართავს.

დღის ამბები