28 სექტემბერი 2024,   00:10
ვრცლად
3 დაღუპული და 14 მძიმედ დაჭრილი - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქი დაბომბეს

ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 14. მძიმეა დაშავებული 3 ბავშვის მდგომარეობა. ქალაქ იზმაილში, ოკუპანტმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს დრონებით შეუტია.

აფეთქებები იყო კიევშიც. რუსეთის ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით 78 დრონი და 6 რაკეტა გაუშვეს. ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა შენობები დააზიანა.

კვირის განმავლობაში, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ინტენსიურად ბომბავენ. ხარკოვში, მართვადი რაკეტებით თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოიშალა. შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაშავდა.

რუსეთის თავდასხმების პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენთან შეხვედრა ქალაქების დაბომბვაზე სასაუბროდ გამოიყენა.

ომის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს დონალდ ტრამპიც. ამერიკის ექსპრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ნიუ-იორკში შეხვდა. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ საკუთარ გავლენას ქვეყნებს შორის მშვიდობის დასამყარებლად გამოიყენებს.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები