01 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
ანტისანიტარიული პირობები, მათრახი დასვენების სურვილისთვის და ალკოჰოლი ჯილდოდ - რუსეთის ერთ-ერთ ფერმაში, ადამიანებს მონებად ამუშავებდნენ

რუსეთში, ტულას რაიონის მახლობლად, იპოვეს ფერმა, სადაც ადამიანებს "მონებად ამუშავებდნენ" - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

TV Rain-ის ინფორმაციით, მოძრაობა "ალტერნატივა" იტყობინება, რომ სოფელ როვნოს ფერმაში ადამიანები უკანონოდ ჰყავთ დატყვევებული და იძულებითი შრომის პირობებში ამყოფებენ.

ორგანიზაციის ცნობით, ფერმაში სხვადასხვა მიზეზით მისულ ქალებსა და კაცებს "ბოშები ვაშლის კრეფას აიძულებდნენ".

როგორც ირკვევა, ფერმაში მომუშავე ხალხს, თავდაპირველად, მტვირთავად მუშაობას სთავაზობდნენ, ფერმაში მიყვანის შემდეგ კი ხელს აწერინებდნენ დოკუმენტზე, რითაც ისინი თანხმობას აცხადებდნენ იმ ყველაფერზე, რაც ფერმაში ხდებოდა.

"ალტერნატივა" ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები ანტისანიტარიულ პირობებში და ცხელი წყლის გარეშე ცხოვრობდნენ, ხოლო დასვენების სურვილის გამოთქმისა თუ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მათივე ცნობით, რამდენიმე პირი გაქცევას შეეცადა, თუმცა მისი დაბრუნება მოახერხეს. მონურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს საღამოობით, "ჯილდოს" სახით, ალკოჰოლს აძლევდნენ.

ერთ-ერთმა მამაკაცმა, სახელად ალექსანდრემ, წინდაში ტელეფონის დამალვა და ახლობლებისთვის შეტყობინების გაგზავნა მოახერხა. ამის შემდეგ, მოხალისეები, უსაფრთხოების ძალებთან ერთად, ფერმის შესამოწმებლად ღამით მივიდნენ. როგორც Myslo წერს, ფერმაში მისვლის შემდეგ, ე.წ. ბარაკებიდან 50-მდე ადამიანი გამოვიდა, ხოლო ფერმის შესამოწმებლად მისულებს მათ "ბოშა" შეხვდათ, რომელიც აცხადებდა, რომ იქ კანონის სრული დაცვით მუშაობდნენ.

მოხალისეებთან ერთად წასვლას 10-მდე ადამიანი დათანხმდა. აღმოჩნდა, რომ მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის ომის მონაწილე იყო.

საგამოძიებო ორგანოებში აცხადებენ, რომ მოხალისეებისა და მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თუმცა, პოლიციელები არაოფიციალურ საუბრებში ამბობენ, რომ ფერმის მეპატრონეებისთვის ბრალის წაყენება გაუჭირდებათ, რადგან მათ იქ მომუშავე ხალხის წერილობითი თანხმობა ჰქონდათ.

დღის ამბები