14 ოქტომბერი 2024,   18:41
ვრცლად
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო სფერო, უძრავი ქონება და ვაჭრობა - საქსტატი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვან სფეროებს ასახელებს

საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპი ნარჩუნდება - 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 12 % შეადგინა. საქსტატმა ასევე განსაზღვრა მიმდინარე წლის პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელიც, რომელიც 10 %-ია.

საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა, მშენებლობამ, საფინანსო და სადაზღვევო სფერომ, უძრავი ქონებისა და ვაჭრობის ბრუნვამ. პარალელურად, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში ამბობენ, რომ აგვისტოში ეკონომიკურ ზრდას ხელი საქონლის ექსპორტის ზრდამაც შეუწყო. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ ეკონომიკაში დღეს არსებული ტენდენციები სამომავლოდაც დადებითი პროგნოზის საფუძველია.

საქსტატის კვლევას ენდობა ოპოზიციის ნაწილი, თუმცა ამ შედეგის ფაქტორად ხელისუფლებისგან განსხვავებულ მიზეზს ასახელებს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა სწორედ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად იზრდება.

საქსტატი განახლებულ მონაცემებს მომდევნო თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები