04 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
ასეთი რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს - კახა კალაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც წერია, რომ “ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის“ - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი აფასებს.

კახა კალაძის განმარტებით, მსგავსი განცხადებები დისკრედიტაციას უწევს თავად ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს.

“სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების შედგენა. პირდაპირ ხდება ფულის გადახდა კონკრეტული ადამიანებისთვის - ეს არის ე.წ. ლობიზმი. ნებისმიერ თემას აწერინებენ რაც მათ უნდათ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება სამარცხვინოა და ასეთი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. შესაბამისად, ჩვენს ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის ევროპა, ეს არიან გარკვეული, კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ ფულს და აკეთებენ ამ ტიპის ბინძურ განცხადებებს. რაც უფრო ახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი უმსგავსო განცხადებები, რომლებიც არაფერზე არ არის დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ზოგიერთმა მედია საშუალებამ აღნიშნული განცხადება გაავრცელა, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი. ტექსტს კი ასამბლეის 612 წევრიდან ხელს მხოლოდ 24 აწერს.

დღის ამბები