02 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
"ფეისბუკ" ბარათები შეერთებული შტატების საელჩოსგან - რა პროცესები დაიწყო საქართველოში ISFED-ის არასწორი დათვლების შემდეგ

მმართველი გუნდი შეერთებული შტატების საელჩოს პასუხობს - საუბარია, შტატების წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც დიპლომატიურმა მისიამ 2020 წლის არჩევნების ოფიციალური და პარალელური ხმის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც ცდომილება 1.8 პროცენტია. საელჩომ "ფეისბუკ" პოსტი რიტორიკული შეკითხვით დაასათაურა - "რატომ აყენებს "ქართული ოცნება" ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8 პროცენტის გამო?"

საპასუხოდ, სახელისუფლებო პარტიაში დღეს პარტნიორი ქვეყნის საელჩოს შტატების ბიუჯეტიდან დაფინანსებული "სამართლიანი არჩევნების" მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებული მაჩვენებლები შეახსენეს. თქვეს, რომ ISFED-ის 8-პროცენტიანმა ცდომილებამ, რომელიც თავად ორგანიზაციამ 3 თვის შემდეგ აღიარა, ქვეყანაში რევოლუციური პროცესები წაახალისა.

საელჩოს პოზიციას სრულად იზიარებენ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის საარჩევნო პარტნიორ სტრატეგია აღმაშენებელში. ოპოზიციურ ძალა მმართველი გუნდის ბრალდებას რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს, თუმცა ISFED-ის მიერ 8-პროცენტიანი ცდომილებით შედეგების გამოქვეყნებაზე არ საუბრობს.

შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნების გზად, მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებს ხედავენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ამბობენ, რომ "ფეისბუკ" პოსტებით ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმა ეფექტური და სამართლიანია.

ოპონენტებს რომ შტატების საელჩოსთან კითხვები არ აქვთ, მმართველი გუნდისთვის ლოგიკურად გამოიყურება. მათი თქმით, ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან
ურთიერთობის გადასატვირთად მზადაა - პროცესის დაწყებას კი მხოლოდ ამერიკელების მხრიდან ობიექტური მიდგომები სჭირდება.

აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებას რამდენიმე ე.წ. "ფეისბუკ" სტატუსით მიმართა. საპარლამენტო არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, ხელისუფლება საელჩოს მეტი ობიექტურობისა და სამართლიანი მიდგომებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები