02 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
რა ასაკიდან მივიყვანოთ და როგორ შევაჩვიოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ბაღს - კინოლოგის რჩევები

შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, დღევანდელი აჩქარებული რიტმის პირობებში, გარკვეულ სირთულეებსაც ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ აქტიურად დაკავებულ ადამიანებს ერთგული ოთხფეხა მეგობრის მარტო დატოვება უწევთ და თუ თქვენი სახლის ერთგული წევრი მარტო დარჩენისას სტრესის ქვეშ არის, გამოსავალი ძაღლებისთვის ბაღის ტიპის დაწესებულების არსებობაა.

მსგავსი სერვისი მრავალ ქვეყანაში უკვე კარგად აპრობირებული და პოპულარული მეთოდია.  ბაღში შეგიძლიათ საიმედო სიტუაციაში დატოვოთ ძაღლი, თქვენ კი მშვიდად დაკავდეთ საქმით და არ გქონდეთ დანაშაულის შეგრძნება სახლში მარტო მყოფი ოთხფეხა მეგობრის გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაციის თვალსაზრისითაც - თქვენი ოთხფეხა მეგობარი შეიძენს სხვა მეგობრებსაც, ისწავლის სხვა ძაღლებთან ურთიერთობას და დროსაც მხიარულად გაატარებს.

"რუსთავი 2" შეეცადა პროფესიონალთან გაერკვია, რა შემთხვევაშია შესაძლებელი მიმართოთ სპეციალურ ბაღს და რა სასიკეთო დატვირთვა ექნება თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის სწორად შერჩეულ ადგილს.  როგორც კინოლოგი, ჰენდლერი და Mebo"s Dog Campus-ის დამფუძნებელი მებო წიკლაური ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, უპირველესად უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ადგილს.

რა სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს პროფესიონალი, ჩვენს ინტერვიუში გაიგებთ: 

- რატომ და რა შემთხვევაში შეიძლება მივმართოთ ბაღს?

- ბაღი ძალიან კარგია ჩვენი ძაღლების სწორად განვითარებისთვის. ისეთი ძაღლებისთვის, რომლებსაც პრობლემა აქვთ ურთიერთობის, რომლებსაც ეშინიათ და ქუჩაში გაყვანის დროს სხვა ძაღლებს ერიდებიან, ასეთ დროს ბაღში ვაჩვევთ და ადაპტირებას გადიან სხვა ძაღლებთანაც. ნელ-ნელა ხდება შეჩვევაც და თამაშიც.  ასევე ბაღი კარგია მაშინ, როდესაც ძაღლს ზედმეტი წონა აქვს და პატრონი ვერ უზრუნველყოფს მის სწორად და იმ დროით დატვირთვას, რა დატვირთვაც რეალურად სჭირდება ცხოველს.  ასევე ბაღი არის კარგი გამოსავალი მათთვის, ვისაც სახლში არ ყავს დამტოვებელი და თითქმის ყველა ძაღლისთვის სტრესულია სახლში დიდი ხნით მარტო დარჩენა იმ შემთხვევაში, თუ ეს სისტემატურ ხასიათს ატარებს.  ბაღში სიარულისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო არის კვირაში 3 დღე, ადრე გვქონდა კვირაში 5 დღე დაწესებული, თუმცა ისე იღლებოდნენ ძაღლები, რომ სახლში მისვლის დროს პატრონთან კომუნიკაციის და თამაშის უნარი აღარ ჰქონდათ.  სამი დღე არის იდეალური დრო, ასწრებენ დაღლასაც, მომდევნო დღეს ისვენებენ სახლში და ნაყოფიერ დროს ატარებენ პატრონებთანაც, ეს ძაღლების მენტალური მდგომარეობისთვისაც ოპტიმალური დღეებია.

- რა ასაკიდან შეიძლება ოთხფეხა მეგობრის ბაღში მიყვანა? 

- როდესაც ლეკვი საგამოფენო მზადებას გადის, ბაღში ვიღებთ 3 თვის ასაკიდან, მაშინ, როცა სრული აცრები აქვს ჩატარებული. ზოგადად კი, ყველაზე კარგი ასაკი არის 6 თვე, რადგან არ არის სასურველი 6 თვემდე ლეკვს პატრონის გარდა ვინმე უცხო პირმა მიუთითოს ან ასწავლოს რაიმე".

- რა მომსახურებას გვთავაზობს კონკრეტულად თქვენი ბაღი-სასტუმრო? 

- Mebo"s Dog Campus-ს აქვს როგორც სასტუმრო, ასევე სკოლა, ბაღი და საგამოფენო მზადება, გრუმინგიც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ლეკვი ჩვენი სასტუმროს ბინადარია."

- როგორ უნდა მივაჩვიოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ბაღში დარჩენას და როგორ გავუმარტივოთ სოციალიზაცია?

- მნიშვნელოვანია თავიდანვე ვიცოდეთ მიდგომა, როდესაც ლეკვი პანიკაშია, მას სრულად აიგნორებს როგორც პატრონი, ასევე ჩვენ, რათა არ გამოვიდეს მისი მდგომარეობის წახალისება და ამან არ მიიღოს მუდმივი სახე. პანიკას აქვს თავისი დრო, როდესაც ეს გაივლის, ამ დროს ჩვენ ვეხმარებით ლეკვს დამშვიდებაში და ვაწვდით მისთვის საინტერესო საგანს ან საკვებს, შეიძლება ეს იყოს სათამაშო ან რაიმე ხემსი.  აუცილებელია პატრონმა იცოდეს, რომ უნდა გააკეთოს ის, რაც უნდა თავად და არა ის, რაც უნდა ძაღლს. 5 წელია ამ სფეროში ვარ, აქედან 1 წელია ეს დაწესებულება მაქვს, გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი დამოკიდებულია დროზე, მათ შორის შეჩვევის საკითხიც.

ზოგს მეტი დრო სჭირდება, ზოგს კი ნაკლები.  მუშაობის დროს, ყოველთვის უფრო დიდი პრობლემა არის პატრონი და მისი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ჯობია ძაღლი ერთხელ დაისტრესოს და ნელ-ნელა შეეჩვიოს, ვიდრე არ იყოს ადაპტირებული საჭირო გარემოსთან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძაღლის გაადამიანება, რადგან ძაღლს აქვს თავის კონკრეტული ინსტინქტები, რომელზეც გვჭირდება შესაბამისი მიდგომა, რომ ეს ინსტინქტები სწორად ვმართოთ. ის დამოკიდებულება, სადაც ამბობენ მაგალითად, რომ ჩემი შვილია, ხშირად პრობლემაა, კი, მესმის ეს სიყვარული ოთხფეხა მეგობრის მიმართ და რომ ეს დამოკიდებულება მოდის სიყვარულისგან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვი არის ბავშვი, რომელთანაც სრულიად სხვანაირად ვურთიერთობთ და ძაღლი არის ძაღლი, რომელიც შეიძლება ბავშვივით გვიყვარდეს, მაგრამ სხვა ცოცხალი არსებაა განსხვავებული, მისთვის დამახასიათებელი ინსტინქტებით", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში კინოლოგმა მებო წიკლაურმა.

დღის ამბები