ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, გადაცემა "დღის კურიერში", სამინისტროს იმ პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მათ შორისაა, С და B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები.
მინისტრის თქმით, ამ პროგრამების მეშვეობით, ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.
"ის, რომ დღეს არსებობს ე.წ. ვერტიკალური პროგრამები, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ეს იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი ჰაილაითი, ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის ამბავი იმიტომ, რომ 100 ათასობით ადამიანს აწუხებდა ეს მძიმე სენი, რომელიც გარდაუვალს სიკვდილს ნიშნავს, თუ არ მოხდება დროულად მკურნალობა. ეს იყო ხელმიუწვდომელი მკურნალობა, ის გახდა ხელმისაწვდომი, აბსოლუტურად უფასო. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი დახსნილი იქნა სიკვდილისგან. ამას მოჰყვება ახლახან დაწყებული B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც თავის წონა და მნიშვნელობა აქვს.
ამჟამად, საქართველოში იმყოფება შემფასებელი მისია, რომელიც მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებას აფასებს. არაჩვეულებრივი რეზულტატები გვაქვს ისეთ პროგრამაში, როგორიც არის ტუბერკულოზთან ბრძოლა. მხოლოდ პენიტენციურში იყო იმდენი ადამიანი ინფიცირებული ტუბერკულოზით, რამდენიც დღეს სულ არის საქართველოში. ციხეში ეს რას ნიშნავდა, კი მოგეხსენებათ, რამხელა სიმძიმის იყო, გავრცელების არეალიც დიდი იყო და ა.შ. მკურნალობა რომ ხელმიუწვდომელი იყო და უაღრესად გართულებული, ესეც კარგად მოგეხსენებათ.
ამ ყველაფრის ფონზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები. ამაზე პერიოდულად ინფორმაცია ვრცელდება. არის დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ე.წ. სინჯიანი აპარატები, რომლითაც მუდმივად ხდება დაკვირვება სისხლში შემადგენლობაზე, რომ იქ რაიმე სახიფათო მოვლენებს ადგილი არ ჰქონდეს და სწრაფადვე მოხდეს რეაგირება. ეს უძვირფასესი აპარატურაა, რომელსაც სახელმწიფო ყიდულობს და, რა თქმა უნდა, უფასო გახლავთ ჩვენი მომხმარებლებისთვის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.