21 დეკემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ვიცით, რომ მატჩი რთული იქნება, მაგრამ ჩემი გუნდი მზად არის, კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეების დამოკიდებულებით - ვილი სანიოლი 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები მზად არის შეხვედრისთვის:

"ამ მატჩისთვის მზადება პოლონეთში გადავწყვიტეთ, ამით დაიზოგა ფეხბურთელების ენერგია. საკმაოდ კარგი ატმოსფეროა გუნდში და ყველა ფეხბურთელი მზად არის შეხვედრისთვის. წარუმატებელი მატჩების სერია არ ნიშნავს, რომ ეს შეიძლება ისევ გაგრძელდეს. უკრაინა საკმაოდ კარგი გუნდია ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად წარმოაჩინონ. ვიცით, რომ მატჩი რთული იქნება, მაგრამ ჩემი გუნდი მზად არის. კმაყოფილი ვარ ჩემი მოთამაშეების დამოკიდებულებით, ისე, როგორც წინა თვეებში. იგივე ატმოსფეროა, იგივე სურვილია, რომ მათ საკუთარი, საუკეთესო მხარე აჩვენონ. ფეხბურთში შესაძლოა დამარცხდე, მაგრამ მთავარია აკონტროლო მოედანზე ყველაფერი და სრულად იყო ფოკუსირებული. აჩვენო ის რესურსი, რაც გაგაჩნია,"- აცხადებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი.

ერთი დღე მორიგ მნიშვნელოვან მატჩამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის დასამარცხებლად პოლონეთის ქალაქ პოზნანში მზადებას განაგრძობს. ეროვნული ნაკრები სერგეი რებროვის გაწვრთნილ გუნდთან შესახვედრად ერთა ლიგაზე მიღწეული შთამბეჭდავი შედეგებით გადიან - ზედიზედ 4 მოგება და 9 მატჩი დაუმარცხებლად. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინის ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს - ვილი სანიოლმა კი ყველა ფეხბურთელი გამოიძახა, ვინც სურდა.

გამოძახებულებს შორის არის ხვიჩა კვარაცხელიაც რომელიც, ცოტა ხნის წინ, სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. დასავლური მედია მატჩის წინ წერს ნაკრების კიდევ ორ გამორჩეულ ფეხბურთელზე - მეკარე გიორგი მამარდაშვილსა და ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირ გიორგი მიქაუტაძეზე. ახლა საქართველოს ეროვნული გუნდისთვის მთავარია, პოზნანში ქართველი გულშემატკივრისგან მაქსიმალური მხარდაჭერა იგრძნოს.

 

დღის ამბები