21 დეკემბერი 2024,   20:15
ვრცლად
იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე და ამ ტერიტორიასთან კორპუსების მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს - კახა კალაძე

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და მას აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს.

"იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტერიტორიას, რადგან აღნიშნული პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე, რომელსაც პროექტის სახით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს. ის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, გართობისთვის. მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მუნიციპალიტეტი ამ სივრცის ყველანაირად მოწესრიგებას ყოველთვის შეუწყობს ხელს", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პროექტში, მოსახლეობის თხოვნით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

"პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ამაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია. მოსახლეობის მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ტერიტორიაზე, მაგალითად, იაპონური, ფრანგული ბაღები არ მოწყობილიყო და უფრო მეტი სივრცე მდელოებს დათმობოდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და პროექტში გარკვეული ჩასწორება მოხდა. შეიძლება ისეთი მასშტაბური ტემპით არ მიმდინარეობდეს სამუშაოები, მაგრამ პროცესი მიდის. ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია ფონდთან დააზუსტეთ"“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები