21 დეკემბერი 2024,   15:57
ვრცლად
მუხრანში, სახელმწიფო დაფინანსებით, ახალი ამბულატორია გაიხსნა, რომელიც რამდენიმე სოფელს მოემსახურება

მუხრანისა და ქანდას 7000-მდე მაცხოვრებელს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ამბულატორია მოემსახურება. ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა სახის სერვისი მიიღონ, როგორც სოფლის კვალიფიციური ექიმებისგან, ასევე, თბილისიდან მიწვეული სპეციალისტებისგანაც. სამედიცინო ცენტრი აღჭურვილა ყველა საჭირო ინვენტარით.

თანამედროვე სტანდარტების პროფილაქტიკურ დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიც მუშაობს, რომელიც მუხრანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს უწყვეტად მოემსახურება.

სოფელ მუხრანში ახალი სამედიცინო ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძემ, მოსახლეობისთვის ამბულატორიისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ჯანდაცვის სერვისების ხარისხიან ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ახალი სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერეს ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამედიცინო დაწესებულებების გაუმჯობესება ერთ-ერთ მთავარ საკითხად დაასახელეს.

საქართველოს მასშტაბით, სოფლებში 1 004 სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულება ფუნქციონირებს.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები