18 ოქტომბერი 2024,   01:32
ვრცლად
ღეროვანი უჯრედების პირველი ლაბორატორია, საქართველოში, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს - გადამზადდა სამედიცინო პერსონალი

ღეროვანი უჯრედების პირველი ლაბორატორია საქართველოში, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს. ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედების შექმნა, გამრავლება და სამკურნალოდ გამოყენება მოხდება. იდეა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის და მის განხორციელებაზე მუშაობა წელიწად ნახევრის წინ დაიწყო. ივანიშვილების ოჯახის დაფინანსებით, ლაბორატორიისთვის, მსოფლიოში წარმატებული სამედიცინო ბრენდების მაღალი ხარისხის აპარატურა შეიძინეს. გადამზადდა სამედიცინო პერსონალი.

სისხლის ღეროვან უჯრედებს აქვს უნარი სიცოცხლის განმავლობაში განაახლოს საკუთარი თავი და სხვადასხვა ტიპის უჯრედებად გარდაიქმნას. უჯრედებს, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრის ახალ ლაბორატორიაში შეიქმნება, მძიმე დაავადებების მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ. ონკოლოგიურ პაციენტებთან, ნევროლოგიაში, სახსროვანი პათოლოგიებისა და დიაბეტის დროს. ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა ასევე გამოიყენება ორგანიზმის რეგენერაციის უნარის სტიმულირების მიზნით და ესთეტიკურ პროცედურებში.

ლაბორატორიაში, ღეროვანი უჯრედების შექმნისთვის მასალას, დონორების ნებართვით პლაცენტიდან, ჭიპლარიდან და ცხიმოვანი ქსოვილებიდან აიღებენ. ლაბორატორიული დამუშავების შემდეგ კი, ნიმუში საბოლოო გამოყენებამდე რამდენჯერმე გაივლის შემოწმების ეტაპს.

საქართველოში, ღეროვანი უჯრედების პირველი ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა თანამედროვე გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს.

2003 წლიდან დღემდე, საჩხერის სამედიცინო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას ბიძინა ივანიშვილის ოჯახი უზრუნველყოფს. მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი იმერეთის გარდა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას ემსახურება.

დღის ამბები