24 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ელექტრონული სისტემა არის აწყობილი ისე, იმდენად გადაზღვეულია ყველაფერი, რომ არჩევნების დღეს არაფერზე საუბრის საფუძველი არ რჩება - ირაკლი კობახიძე ელექტრონული არჩევნების სისტემაზე

"საარჩევნო კამპანია ტარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რეკლამის განთავსება შეიძლება ჩვეულებრივად, ანუ არავითარი ხინჯი არ აქვს არჩევნების კონკურენტულობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა და არჩევნების ელექტრონული პროცესის სანდოობაზე ისაუბრა.

"ახლა რჩება არჩევნების დღე. არჩევნების დღისთვის ჩვენ არსებითად შევცვალეთ კანონმდებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოვიღეთ ელექტრონული რეგისტრაციის, ხმის მიცემის და ხმის დათვლის წესი.

მიდის ამომრჩეველი, ელექტრონულად გადის რეგისტრაციას, შემდეგ ელექტრონული აპარატის მეშვეობით აძლევს ხმას და შემდეგ აპარატი 1 წამში ითვლის შედეგებს და მარტივად იბეჭდება ერთგვარი ჩეკი, საარჩევნო ოქმი, სადაც ასახულია უკვე 1 წამში არჩევნების შედეგები.

ადრე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, დისბალანსები ოქმებში და ა.შ. ესეც გამორიცხულია. სისტემა არის აწყობილი მთლიანად ისეთი, რომ საბაბსაც კი არ ტოვებს არაფერზე საუბრისთვის. დაუბალანსებელი ოქმიც კი არ იქნება. პირდაპირ ღილაკზე აჭერ თითს და ამოდის გამზადებული ოქმი, დათვლაც კი არ სჭირდება ამ შედეგებს. ესეც კი გადაზღვეული გვაქვს და ვამბობთ, რომ კი ბატონო, ამოიბეჭდა ეს ოქმი, მაგრამ მერე აპარატიდან ამოიღებთ ამ ბიულეტენებს ფიზიკურად და ფიზიკურად გადათვლის თითოეული უბანი. აქაც კი გადაზღვეულია, რომ რაღაც არ მოხდეს, ჯერ იბეჭდება ეს წინასწარი ელექტრონული ოქმი და ამის შემდეგ ხელითაც ხდება გადათვლა, შეგიძლია 5-ჯერ გადაითვალო ნებისმიერ უბანზე არჩევნების შედეგები. იმდენად გადაზღვეულია ყველაფერი, რომ არჩევნების დღეს არაფერზე საუბრის საფუძველი არ რჩება. ხომ არ შეიძლება, ჰაერიდან რაღაც მოიტანო, წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თავისუფალი, სამართლიანი, არჩევნების დღეს რისკები დაზღვეულია, ყველანაირი ადამიანური შეცდომაც კი დაზღვეულია. არ ვიცი, რანაირად შეიძლება, ვინმემ რამე სხვა დაწეროს", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები