25 ოქტომბერი 2024,   11:21
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 160-მდე საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში  "შაჰედის" ტიპის დრონების თავდასხმის გამო ჩაირთო.

დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 157 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი ქვედანაყოფები უკვე კურსკის ოლქში ჩავიდნენ. მათივე ცნობით, ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 12,000-ს შეადგენს.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხი დაამტკიცა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაიცემა. აღნიშნული სესხი მაქსიმალური ვადით - 45 წლით დამტკიცდა.

შვედეთის მთავრობა უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად მრავალწლიან პროგრამის დანერგვას აპირებს, რომელიც უკვე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დონეზე მოქმედებს. ამასთან, ნორვეგიამ, უკრაინის ენერგოინდუსტრიის აღსადგენად, 105 მილიონი დოლარი გამოყო.

დღის ამბები