კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა "მაკკეინის ინსტიტუტის" ბოლო დასკვნა. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ წარდგენილი ანგარიში არის ლუსტრაცია, თუ როგორ იგეგმება არეულობა ქვეყნის შიგნით.
"ჩვენი ქვეყნის ოპოზიციაში არიან და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა, დაწერილი გეგმის შესაბამისად მოქმედებენ. მაგალითად, ჩვენ ვიხილეთ შავით თეთრზე, "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. ანგარიშში, სადაც იყო პირდაპირი მითითებები, როგორც უცხოელი აქტორების მიმართ, ისე კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წევრების, მასთან აფილირებული არასამთავრობოების მიმართ, რომელთაც უნდა სცადონ, რომ როგორმე, ჩატარებული არჩევნების დელეგიტიმაციას მიაღწიონ", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არანაირი წინასწარი გეგმა არ არსებობდა და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ჩატარებულ "არასამართლიან არჩევნებზე" პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებაზეა".
"მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გასაჯაროებულ ანგარიშში გაწერილია ყველა ის რეკომენდაცია, რომლითაც არასანდო უნდა გამხდარიყო ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები, თუ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა. ამავე დოკუმენტში საუბარია საერთაშორისო ზეწოლის აუცილებლობასა და ქუჩის პროტესტზე.