რაც წუხილს იწვევს, არის ის, რომ შეიძლება ფარულობის ნაწილი არის გამჟღავნებული, ოღონდ ისიც ვარაუდით იმიტომ, რომ ზუსტად არ ჩანს, ვისთვის არის ხმა მიცემული, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ გადაცემაში "ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები" განაცხადა.
გიორგი სიორიძის განცხადებით, ხმების ფარულობის გამჟღავნება დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, არ არის ის, რის გამოც "ქართულ ოცნებას" მინიმუმ 200 000-ით მეტი ხმა აქვს.
"პირველად როდესაც ეს აპარატები გამოვიყენეთ, იყო მანამდეც რამდენიმე მცდელობა, მაგრამ 2021 წლის არჩევნებზე კრწანისში ჩატარდა ეს პილოტირება, იქ ბიულეტენის სისქე იყო ისეთი, რომ უკანა მხარეს არაფერი ჩანდა. მერე იყო შუალედური და რიგგარეშე არჩევნები, იყო ერთხელ შემთხვევა, თითქოს ჩანდა, შემდეგ ისევ არ ჩანდა, ეს არ დგება ცესკოს მიერ უშუალოდ, რაშიც მეც შეიძლებოდა მონაწილეობა მიმეღო. ერთის მხრივ, არის სტამბის მომენტი, ხოლო პრობლემა, რამაც ეს გამოიწვია და წუხილს იწვევს არის ის, რომ შეიძლება ფარულობის ნაწილი არის გამჟღავნებული, ოღონდ ისიც ვარაუდით იმიტომ, რომ აქ ზუსტად არ ჩანს, ვისთვის არის ხმა მიცემული. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც "ქართულ ოცნებას" მინიმუმ 200 000-ით მეტი ხმა აქვს", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.