27 დეკემბერი 2024,   14:59
ვრცლად
საქსტატი - 2024 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში თითქმის 6 მილიარდი ლარი დახარჯეს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი შემოსვლა, რაც 2.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.4 მილიონი შეადგინა, რაც 2.5 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

უწყების ანგარიშით, 2024 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.0 მილიონს მიაღწია, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების 79.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 16.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2024 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 496.0 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.1%-იანი წილით. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47.1 პროცენტს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 59.2 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა აჭარის ა/რ-სა და თბილისში, შესაბამისად, 1 179.5 ათასი და 1 124.8 ათასი ვიზიტი.ამასთან, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.8 ღამე) 7.2 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 72.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2024 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 18.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 15.2 პროცენტით გაიზარდა და 2 426.6 ლარი შეადგინა.

დღის ამბები