24 დეკემბერი 2024,   07:27
ვრცლად
"ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება" - პაატა იმნაძე გრიპის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გრიპის ვაქცინის მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ვაქცინა ადამიანებს გრიპის ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან იცავს, შესაბამისად, მოქალაქეებს ურჩევს, მაქსიმალურად ჩაერთონ გრიპის ვაქცინაციის პროცესში.

"რისკი ჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე საჭიროა. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ყველას, რომ მაქსიმალურად დაცულები იყვნენ, განსაკუთრებით ბავშვები," - ამბობს პაატა იმნაძე "რუსთავი2"-ის "შუადღის" ეთერში.

იმნაძის თქმითვე, ვაქცინის გაკეთება ნებისმიერი სეზონის განმავლობაში შეიძლება, უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინის "ამუშავებას" 10 დღიდან 2 კვირამდე ვადა სჭირდება.

"ვაქცინის გაკეთება ყოველთვის შეიძლება სეზონის განმავლობაში, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ, როცა უკვე გრიპის ვირუსი მასშტაბურად ცირკულირებს, დღეს რომ გაიკეთო და ხვალ ავად გახდე, არ უნდა თქვა, რომ ვაქცინამ არ იმუშავა. ვაქცინამ რომ იმუშაოს და დაიწყოს დაცვა, სჭირდება დაახლოებით, 10 დღე - 2 კვირა," - ამბობს იმნაძე.

აქვე, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ მითია, თითქოს, ვაქცინის გაკეთებამდე მინიმუმ 2 კვირა არ უნდა იყოს ავადობის პერიოდი.

"ვაქცინის გაკეთება შეიძლება ყოველთვის, მთავარია იმ მომენტში არ გქონდეს მწვავე დაავადება," - განმარტავს პაატა იმნაძე.

ცნობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია რამდენიმე დღეა დაიწყო.

დღის ამბები