08 დეკემბერი 2024,   12:18
ვრცლად
გაგზავნა თუ არა საიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში - ხელისუფლების განცხადებით, შესაბამისი ოფიციალური შეტყობინება სახელმწიფოს არ მიუღია

გაგზავნა თუ არა საიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში - სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან იუსტიციის სამინისტროსთან კორესპონდენცია სარჩელის მიღებისთვის აუცილებელი პროცედურაა. მინისტრი კი ამბობს, რომ უწყებასთან ამ დრომდე "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ საიას საჩივართან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა. რატი ბრეგაძემ განმარტება მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის შემდეგ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ევროპულ სასამართლოში კანონის წინააღმდეგ არცერთი დოკუმენტი არ გაგზავნილა.

საჩივრის გაგზავნის შესახებ განცხადება საიამ, ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 16 მედია და 120 ორგანიზაციის სახელით გააკეთა. მას შემდეგ არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ.

საიამ მტკიცებულებად მხოლოდ დღეს და მხოლოდ გადამზიდი კომპანიის სქრინი გამოაქვეყნა, თუმცა არა სასამართლოს ოფიციალური პასუხი. აქვს თუ არა საიას სარჩელის სარეგისტრაციო ნომერი ან სტრასბურგისგან ოფიციალური დადასტურება? - ორგანიზაციის თავმჯდომარე, "კურიერის" მიმართვის შემდეგ სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა ამტკიცებს, რომ სარჩელი გაიგზავნა და უკვე ჩაბარებულია.

"გამჭვირვალობის კანონის" გაპროტესტებამ ოპოზიციისთვის დღეს მნიშვნელობა უკვე დაკარგა. თუმცა ნაწილს მტკიცებულებების გარეშეც სჯერა, რომ საიას სარჩელი უკვე სტრასბურგშია. მეორე ნაწილი ამაზე დარწმუნებით ვერ საუბრობს.

მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ საიას საჩივარი სტრასბურგში არც გაუგზავნია. მიაჩნიათ, რომ მიზეზი, წარუმატებლობის შიშია. რადგან როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, "გამჭვირვალობის კანონი" სხვა ქვეყნების ანალოგიური კანონმდებლობისგან განსხვავებით, სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან. შესაბამისად ფიქრობენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სარჩელს წარმოებაში არც მიიღებს.

ოფიციალური დოკუმენტი არ გავრცელებულა, თუმცა საია ამ დრომდე ამტკიცებს, რომ ევროპულ სასამართლოში საქმის რეგისტრაციის პროცედურები მიმდინარეობს და ამას გარკვეული დრო სჭირდება.

 

დღის ამბები