მინიატიურებში გაცოცხლებული მოგონებები – "რუსთავი 2" გაგაცნობთ ხელოვანს, რომელიც დიდ ისტორიებს პატარა დეტალებში ასახავს.
გიორგი ეგუტიძე - ხელოვანი, რომელიც სამყაროს ახალი თვალით ხედავს. მისი ნამუშევრები მინიატიურებში იკრიბება და თითოეული მათგანი, მიუხედავად თავისი პატარა ზომისა, ჰგავს უზარმაზარ სამყაროს, სავსეს ისტორიებით, ემოციებით და პირად მოგონებებით. გიორგი ქმნის დიორამებს – მცირე, მაგრამ გამორჩეულად დეტალურად გაშლილ სცენებს, სადაც თითქოს ჩაკეტილია ერთი ფლექსია დროისა და სივრცის.
რა არის "ქოხი" და როგორ წარმოიშვა მისი შექმნის იდეა.
"ქოხი" არის იდეა, რომელიც აერთიანებს ფანტაზიასა და რეალობას, ქმნის ზღაპრულ ატმოსფეროს და შენს ცხოვრებას ჯადოსნური სამყაროს ნაწილად აქცევს, სადაც თითოეული დეტალი გამორჩეული და ცოცხალია. "ქოხის" იდეა წამოიჭრა ისე, როგორც ბევრი სხვა იდეა, შემთხვევით, როდესაც ჩემს ძმის შვილს გაუკეთე მინიატიურული სახლის მოდელი. აღფრთოვანება ძალიან დიდი იყო, როგორც ბავშვის, ისე სტუმრების მხრიდან - სწორედ სტუმრების ემოცია იყო ის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც დამაფიქრა, საქმიანობის სახე ხომ არ მიმეცა ამისთვის. გარკვეული დრო დავხარჯე შესწავლაზე, როგორ კეთდება დიორამები და ერთი წლის თავზე დავაარსე ქოხი, შევქმნი სოციალური მედია და გამოვაქვეყნე პირველი ნამუშევარი,"-ამბობს გიორგი.
რა გაძლევთ მთავარ მოტივაციას?!
"იმისთვის, რომ საქმიანობა წარმატებულად ჩაითვალოს და მქონდეს მოტივაცია გავაგრძელო მუშაობა დიორამაზე, მნიშვნელოვანია მომხმარებლების ემოციები – მე პირადად მიმაქვს ხოლმე შეკვეთა მომხმარებელთან, ველოდები როდის გახსნიან და ვუყურებ მათ ემოციებს. რადგან პირველი ემოცია გაცილებით გულწრფელია და სასიამოვნო ვიდრე სოციალურ ქსელში შეფასებების დაწერა. ხშირად წუნს ვუდებ ჩემს ნამუშევარს, ყოველთვის მგონია, რომ რაღაც აკლია და მუდმივად ვცდილობ დავხვეწო ნამუშევრები"
რა არის თქვენი შთაგონების წყარო ?!
"მაქვს უამრავი წყარო შთაგონებისთვის – განსაკუთრებით მიყვარს თბილისის ქუჩებში გასეირნება და არქიტექტურის დათვალიერება. ძველი თბილისის შენობების ნახვა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა. ეს ქალაქი მუდმივად მახვედრებს ახალ დეტალებს, რომლის ფონზეც მთელი თავისი ისტორია იკვეთება. ძველი თბილისის არქიტექტურა, მისი უნიკალური ელემენტები, არ არის ჩარჩოში მოქცეული რაც დამახასიათებელი სილამაზითა და ხასიათით უნიკალურობას ანიჭებენ ქალაქს. ყოველ ნაბიჯზე, თითქოს რაღაც ახალ დეტალს ვპოულობ – შეიძლება ეს იყოს ერთი პატარა ფანჯრის ჩარჩო ან კარის ძველი კონტური, რომელიც რაღაც დიდი ისტორიის მთხრობელია. მაშინ ვიღებ ფანქარს და ვიწყებ ხატვას – ეს პატარა ნამუშევრები, რომელსაც ვქმნი მათი სილუეტით და ფორმებით ახალ ცხოვრებას იღებენ. ასე იწყება მუშაობის პროცესიც – თუ ქალაქი რაღაცას მიკარნახებს, ჩემთვის ეს ყოველთვის ახალი სამყაროს შექმნის შანსია,"-ამბობს გიორგი ეგუტიძე.
სად შეისწავლეთ დიორამაზე მუშაობა და რას ურჩევდი მომავალ დიორამა არტისტებს?!
"დიორამაზე მუშაობა დამოუკიდებლად შევისწავლე. მაქსიმალურად გამოვიყენე ინტერნეტ რესურსი, რათა დეტალურად შემესწავლა აღნიშნულის სპეციფიკა. რომ არა სოციალური ქსელი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ნამუშევრების შესახებ საზოგადოებას არაფერი არ ეცოდინებოდა. რადგან ხელოვნების სფეროს და მითუმეტეს ამ მიმართულებას საკმაოდ ვიწრო აუდიტორია ჰყავს. მომავალ არტისტებს ვურჩევ, რომ რაიმე წინაღობა ან ბარიერი, რომ შეხვდებათ არ შეეშინდეთ, შეიძლება პირველ თვეებში წარუმატებლები იყვნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს წარუმატებლობა მუდმივი იქნება, სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და მიჰყვნენ მიზანს, რომელიც დაისახეს,"- აცხადებს დიორამა არტისტი, გიორგი ეგუტიძე.