14 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
"ეს კინო ნანახი გვაქვს" - ლევან მახაშვილი ორი ოპოზიციური გაერთიანების მიერ მანდატებზე უარის თქმაზე

"ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი და მცდელობა, რომ ის მინავლებული მუხტი, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებია მოსახლეობაში, რაღაცნაირად გააღვივონ," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ლევან მახაშვილი კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს. ორი ოპოზიციური გაერთიანება საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.

მისივე თქმით, საპარლამენტო მანდატების შეჩერების საკითხი პარლამენტის პრეროგატივაა.

"ეს კინო ნანახი გვაქვს. საზოგადოებას ახსოვს 2020 წელს აბსოლუტურად იგივე ტიპის მსჯელობა, მოწოდებები და განცხადებები, საბოლოო ჯამში, კი ვნახეთ, ყველა ერთმანეთს ასწრებდა პარლამენტში შემოსვლას. იგივე სცენარია დღესაც. ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმის და მცდელობა, რომ ის მინავლებული მუხტი, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებია მოსახლეობაში, რაღაცნაირად გააღვივონ და ხალხი დემონსტრაციებზე გამოიყვანონ. ამას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადება. სამართლებრივი შედეგები შეიძლება მხოლოდ დადგეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ცესკო სრულ სიას გადმოაგზავნის და პარლამენტი პირველივე სხდომაზე გადაწყვეტს მანდატები შეწყვიტოს ან არ შეწყვიტოს პირებისთვის, ესეც იმ შემთხვევაში პარლამენტში იქნება შემოსული ამ პირების განცხადება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ორი ოპოზიციური გაერთიანება საარჩევნო კომისიას სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" და "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ისაუბრეს. პასუხად ცესკო და მმართველი გუნდი განმარტავს, რომ მსგავსი პროცედურა არ არსებობს კანონმდებლობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება ყველა დეპუტატმა ინდივიდუალურად უნდა მიმართოს უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

 

 

დღის ამბები