არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საბა ბუაძემ მეხუთე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომლის ჩვენებაც, საგამოძიებო უწყებამ საქმის მასალებს უკვე დაურთო. "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრმა პროკურორებს ვიდეომასალა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარუდგინა.
საათნახევრიანი დაკითხვის ბოლოს, ბუაძემ თქვა, რომ პროკურორებს არაერთ დარღვევაზე მიუთითა, თუმცა საგამოძიებო უწყებისთვის, აღნიშნული ინფორმაცია კონკრეტული მტკიცებულება არ არის.
დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი წევრიც. 2 საათიანი დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, თენგო თევზაძემ დაადასტურა, რომ პროკურორებს არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ, მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები გააცნო. თქვა, რომ მტკიცებულებები თავად საგამოძიებო უწყებამ უნდა მოიპოვოს.
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, პროკურატურამ საგამოძიებო უწყებაში დაიბარა თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძეც. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ამ დრომდე, პროკურატურისთვის არც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის მოთხოვნით მიუმართავთ.
მმართველი გუნდი ოპონენტებს ზეპირი განცხადებების ნაცვლად, მტკიცებულებების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და მაღალი სტანდარტით ჩატარდა, ოპოზიცია კი მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება ერთდროულად სამ უწყებაში- პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, პროკურატურამ უკვე გამოკითხა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებიც.