13 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ესპანეთში, წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირება 100 ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა

"ჩვენ ტალახით ვართ დასვრილები, თქვენ კი - სისხლით" - ამ სიტყვებით გააპროტესტა ვალენსიაში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირება. როგორც BBC წერს, შეკრებილებმა რეგიონის მმართველის, კარლოს მაზონის გადადგომა მოითხოვეს.

მომიტინგეები ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება ძალიან გვიან გაავრცელა.

დემონსტრაციის დასასრულს, იყო დაპირისპირება პოლიციასთანაც - ჩაამსხვრიეს ფანჯრები და გააჩინეს ხანძარი. "ვანდალიზმი გამოსავალი არ არის" - ასე გამოეხმაურა ქალაქის მერი ქუჩაში გადაღებულ კადრებს.

ესპანური მედიასაშუალებები, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო Efe წერს, რომ ქუჩებში, ჯამში, 130 ათასი ადამიანი იყო გამოსული.

ვალენსიასა და მეზობელ პროვინციებში, კოკისპირული წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 40 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

 

დღის ამბები