24 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. საერთაშორისო ღონისძიება თურქეთში 2014 წლიდან ტარდება. მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემა ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალია.

მსოფლიო კონგრესი თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ კატასტროფების წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სისტემის მდგრადობას საქართველო ინოვაციური ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მიმართულებით აქტიური მუშაობით უზრუნველყოფს.
როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანაში დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა მოქმედებს, რაც ეპიდემიებსა თუ სხვა საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის დროს, სწორედ აღნიშნული სისტემის დახმარებით გახდა შესაძლებელი შემთხვევების დინამიკის კონტროლი და მართვა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სამედიცინო გუნდების (EMTs) ინიციატივაში, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის კატასტროფებისა და კრიზისების მართვის შესაძლებლობებს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველომ, შეიმუშავა ჯანდაცვის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე იქნება მიღებული და გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მიმართ ჩვენს მზადყოფნას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო პანდემიის ფონდის პროექტის გამარჯვებულია, რომლის გრანტებიც პანდემიის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად არის შექმნილი.
"საქართველო მზადაა, ინოვაციური და მდგრადი გადაწყვეტილებებით, კიდევ უფრო განავითაროს ჯანდაცვის სისტემები. ერთად, გაზიარებული ცოდნითა და თანამშრომლობით, შევძლებთ, შევქმნათ უფრო ჯანმრთელი და მდგრადი მომავალი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საერთაშორისო ღონისძიებას ესწრება სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ასანიძე.
თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესი პანელურ დისკუსიებს, ორმხრივ შეხვედრებსა და სიტყვით გამოსვლებს აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანდაცვის კატასტროფების, თუ კრიზისების მართვას, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ საპრევენციო და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

დღის ამბები