24 დეკემბერი 2024,   07:40
ვრცლად
მელიქიშვილის გამზირზე ვითარება დაიძაბა

მელიქიშვილის გამზირზე ვითარება დაიძაბა. სავარაუდოდ, დაკავებული ან ტერიტორიიდან განრიდებულია რამდენიმე ადამიანი.

იქამდე, პოლიციელებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასულიყვნენ, რათა ვარაზისხევსა და თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგეს. 

სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე გამთენიისას გამოჩნდნენ. დემონსტრანტებმა დილის 6:00 საათისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე ბარიკადები აღმართეს - ამ მიზნით, მათ ადგილზე ნაგვის ურნები მიიტანეს, მანამდე კი ტერიტორია ქვიშით სავსე ტომრებით ჩახერხეს.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოსთან დემონსტრანტებმა კარვები დაყარეს და მათ ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ აირწინაღებიც.

ამ დროისთვის, თსუ-ის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან თავისუფალია - სამართალდამცველებმა აიღეს კარვებიც. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

იქამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია კონსტრუქციებისგან და პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოეხატათ.

დღის ამბები