ოპოზიციაში, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურნენ. პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, პრეზიდენტის არჩევა ლეგიტიმური ვერ იქნება, რადგან პარლამენტი არალეგიტიმურია.
"ვერ იქნება ვერანაირი პრეზიდენტის არჩევა ლეგიტიმური მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია პარლამენტს. ჩვენ ნათქვამი გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ამ უკანონო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ არამხოლოდ პარლამენტიდან, არამედ საკრებულოებიდანაც", - აცხადებს თეონა აქუბარდია.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პაატა მანჯგალაძეც შეფასებისას აქცენტს პარლამენტის არალეგიტიმურობაზე აკეთებს.
"თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ, თვითმარქვია პარლამენტარებმა დაასახელეს ე.წ. მათი პრეზიდენტობის კანდიდატი. საქართველოსთვის არაფერს არ ნიშნავს კონკრეტული კანდიდატი, მითუმეტეს, არანაირი ლეგიტიმაცია იის, რომ მათ დაასახელონ პრეზიდენტობის კანდიდატი, "ქართულ ოცნებას" არ აქვს", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს, დილის 9:00 საათზე დაიწყება. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.