26 ნოემბერი 2024,   23:57
ვრცლად
ნიკა გვარამია აღიარებს, რომ მათმა არასწორმა სტრატეგიამ, ხალხის იმედგაცრუება გამოიწვია - რატომ აკრიტიკებენ ერთმანეთს და მხარდამჭერებს ოპოზიციის ლიდერები და რას ამბობს მმართველი გუნდი

კოალიცია "ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ აღიარებს, რომ მათმა არასწორმა სტრატეგიამ, ხალხის იმედგაცრუება გამოიწვია. წარუმატებლობა აქციაზე და წარუმატებლობა გეგმის ირგვლივ - ეს ის მოცემულობაა, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, ჩამოუყალიბებელმა და ცვალებადმა პოზიციებმა გამოიწვია. რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი შექმნილ ვითარებაში და ვინ უნდა აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე? - გვარამიას ერთი პასუხი აქვს:

"აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ მეგობრებო, პოლიტიკოსები მონაწილეობენ ამაში. ამას აკეთებს ხალხი პირველ რიგში, მათ შორის საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, მათ შორის პოლიტიკოსებისთვის, რაღაც შესაძლებლობების მიცემით, მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ერთ ნაწილში როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ვთქვათ, რომ "კოალიცია გვინდა" და "ბელადი არ გვინდა" და "ლიდერი არ გვინდა" და ა.შ. მეორე შემთხვევაში, როცა უკვე სხვა რაღაც განწყობაზე ვართ, ვამბობთ, რომ "ბელადი გვჭირდება" და ერთი ლიდერი, რომელიც ყველაფერს შეცვლის," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას დღეს მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ ქვეყანაში აჯანყების მოწყობის საფუძველი არ არსებობს და უფრო მეტიც, არც მოქალაქეებს აქვთ რადიკალური სცენარის განვითარების სურვილი. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ რევოლუციური სცენარის შესაძლო განხორციელება მხოლოდ ოპონენტების ილუზიაა.

ქვეყანაში დაძაბულობის შემოტანის მომხრე არც გახარიას გუნდია. ექსპრემიერის პარტია, ოპოზიციის საერთო გეგმებს ემიჯნება და მოქმედებას მხოლოდ საკუთარი სტრატეგიით განაგრძობს. შიდა პრობლემებზე საუბარს თავს არიდებს ხაზარაძე-ჯაფარიძის კოალიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი არ მალავენ, რომ ოპოზიციურ ველზე შეთანხმების მიღწევა, მათ შორის, საპროტესტო გეგმებთან დაკავშირებით, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ოპოზიციაში შექმნილ კრიზისსა და მოქალაქეების კრიტიკაზე საუბარი მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. პირველი ისევ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამჯერად ნიკა მელიამ დაწერა, რომ ოპოზიციაში უთანხმოება წარსულშიც იყო და მომავალშიც იქნება. მელიას შემდეგ იყო ანა დოლიძე, რომელიც, ასევე, არ მალავს, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს რთული პერიოდი აქვთ.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპონენტებმა გადაბრალების კამპანია, საკუთარი შეცდომების გადასაფარად დაიწყეს. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები საერთო სტრატეგიაზეც ვერ შეჯერდებიან, რადგან მათ საკუთარი მომხრეების, მხარდაჭერაც დაკარგეს.

არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ერთი დღის შემდეგ, ოპოზიციას კონკრეტული სამოქმედო გეგმა ისევ არ აქვს. უცნობია ისიც, როდის გამართავენ, ბარიერგადალახული პარტიები კონსულტაციების მორიგ რაუნდს.

 

დღის ამბები