26 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
პრეზიდენტის არჩევის და ინაუგურაციის თარიღი ცნობილია - წლის ბოლომდე ქვეყანას ახალი წესით და ხუთი წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი ეყოლება

საკანონმდებლო ორგანომ, საარჩევნო თარიღთან ერთად, პრეზიდენტის ინაუგურაციის ვადაც განსაზღვრა. წლის ბოლომდე ქვეყანას, ახალი წესით და ხუთი წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი ეყოლება. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დეტალურად განმარტა, რას გულისხმობს ამერიკული მოდელის ანალოგი საარჩევნო კოლეგია და რატომ უნდა ჩატარდეს საკონსტიტუციო დათქმების მიხედვით არჩევნები, ახალი წლის დადგომამდე.

საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან დაკომპლექტდება. კოლეგიაში შედიან პარლამენტის 150-ვე დეპუტატი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი - 21 დეპუტატი და მუნიციპალიტეტების საკრებულოების 109 წარმომადგენელი, იმ პროპორციულობითა და თანაფარდობით, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად განისაზღვრა. კოლეგიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 ხმის გამოკლებით, 280 მანდატიდან 156-ს ქართული ოცნება ფლობს. 124 მანდატი კი სხვა პარტიებზეა გადანაწილებული. ოპოზიცია კოლეგიაში საკუთარი მანდატების გამოყენებას არ პირებს.

პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარ ჯგუფს. პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის შემადგენლობის ორი მესამედი ანუ 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან ხმების შესაბამის რაოდენობას ვერავინ მოაგროვებს, მეორე ტური ჩატარდება. საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს. საკანონმდებლო ორგანოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მეორე ტურიც, მისი საჭიროების შემთხვევაში 14 დეკემბერს ჩატარდება.

მმართველ გუნდს კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს. მის ოფიციალურ დასახელებამდე, უმრავლესობის ლიდერმა დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა და თქვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არც ირაკლი ღარიბაშვილია და არც კონსტანტინე გამსახურდია.

დღის ამბები