26 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა - სამთავრობო პროგრამა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხმა კანდიდატმა წარადგინა

სამთავრობო პროგრამა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის ოთხმა კანდიდატმა წარადგინა. თეა ახვლედიანს, ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ჩიქოვანსა და ვახტანგ გომელაურს პარლამენტის ადამიანის უფლებების, იურიდიული, საპროცედურო და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს. ერთ-ერთი პირველი ვინც დეპუტატების წინაშე წარსდგა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ვახტანგ გომელაურმა ყველა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. აქცენტი გააკეთა უწყებაში სხვადასხვა მიმართულებით რეფორმებზე და ბოლო წლებში თანამშრომლებისთვის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე. ძალოვანი მინისტრის სიტყვით გამოსვლა კი, სისხლის სამართლის დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრით დაიწყო.

სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების ნაწილმა ვახტანგ გომელაურს მეტი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა იმ სიახლესთან დაკავშირებით, რომელიც დნმ-ის ბანკის შექმნას გულისხმობს.

თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იყო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის მთავარი გზავნილი. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, პრიორიტეტულია NATO-სთან, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში დაგეგმილ შესწორებებზე საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება.

მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებიდან ანრი ოხანაშვილი ერთადერთია, ვინც მინისტრის პორტფელს პირველად ჩაიბარებს. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები უცვლელი რჩება. ეს ეხება როგორც ევროინტეგრაციის პროცესს, ასევე, უშუალოდ უწყების პროფილურ მიმართულებებს.

ანრი ოხანაშვილი, რომელიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო დღეს საკუთარი გუნდის წევრების კითხვებს უკვე მინისტრობის კანდიდატის რანგში პასუხობდა. იუსტიციის სახლების მშენებლობა, სერვისების ხელმისაწვდომობა და პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება დეპუტატებმა.

პარლამენტისგან ნდობა უნდა მიიღოს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც. თეა ახვლედიანის თქმით, მისი უწყების ამოცანაა ის პროექტები, რომელიც მისი უწყების მიერაა გაწერილი, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეებისთვის.

თეა ახვლედიანსაც, ანრი ოხანაშვილსაც, ირაკლი ჩიქოვანს და ვახტანგ გომელაურს კომიტეტების წევრების სრული მხარდაჭერა აქვთ. ხვალ დღევანდელი მსგავსად კანდიდატების მოსმენა 2 ბლოკად რამდენიმე კომიტეტში ერთად ჩატარდება. ხუთშაბათს კი, სამთავრობო გუნდს ნდობას პარლამენტი გამოუცხადებს.

დღის ამბები