ხვალ პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს - დეპუტატებმა 12-ვე კანდიდატის მოსმენა დაასრულეს.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე, დღეს, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, სოფლის მეურნეობის და განათლების მინისტრობის კანდიდატები წარდგნენ.
მათ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა და საკუთარი პრიორიტეტები გააცნეს. დარბაზში "ქართული ოცნების" წევრებმა შეკითხვებიც დასვეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერასა და ჯანდაცვის პროგრამებზე მიმართულ თანხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, 2021 წელთან შედარებით, თანხები საგრძნობლად გაზრდილია.
"მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა და ჯანდაცვის პროგრამებზე მიმართული თანხები, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 2 800 000 000 ლარზე მეტით. გაზრდილი დაფინანსების პირობებში, შესაძლებელი გახდა სოციალური გასაცემების მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის მატებამ 75 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 90 ლარი შეადგინა. 70 და მაღალი ასაკის პირთა პენსიის მატებამ 140 ლარი, ხოლო მაღალ მთიან დასახლებაში 168 ლარი შეადგინა. დაფინანსდა 65 ათასზე მეტი გაზრდილი ბენეფიციარის რაოდენობა. პენსიების ზრდის შესაბამისად გაიზარდა სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გასაცემები. 600 მილიონ ლარზე მეტი მიიმართა ჯარისკაცებისა და პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. კერძოდ: მათი ხელფასის ზრდა ბოლო 3 წლიან პერიოდში, 45%-ზე მეტით განხორციელდა. ბოლო 3-წლიან პერიოდში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 30%-ზე მეტით გაიზარდა და ხელფასების ზრდა მომდევნო წელსაც გაგრძელდება", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა.