26 დეკემბერი 2024,   14:04
ვრცლად
პოლიტიკური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, აქციებმა მშვიდობიანი სახე მიიღო - ძალადობრივი ქმედებების უკან ხელისუფლება ოპოზიციას ხედავს

რატომ აღმოჩნდა ყველაზე მშვიდობიანი პროტესტის მეშვიდე ღამე, რომელსაც მანამდე პოლიტიკური პარტიების ოფისში ჩატარებული ჩხრეკა უძღოდა - პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მიზეზი საპოლიციო ღონისძიებები იყო, რომლის შედეგადაც, ოფისებიდან ძალადობის იარაღი ამოიღეს - მათ შორის, პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები და სხვადასხვა სახის ხსნარები. ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი რესურსის განეიტრალების შემდეგ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაც შეწყდა და საპასუხო ღონისძიებებიც გამოყენებაც.

ელენე ხოშტარიამ გუშინ, პარტიის ოფისთან, საპოლიციო ღონისძიებების მიმდინარეობისას თქვა, რომ აქციისთვის საჭირო აღჭურვილობას მომავალშიც შეიძენენ და ამაზე პასუხისმგებლობას, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი თავადაც იღებს. ამის მიუხედავად, მისი თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ პროტესტის უკან ოპოზიცია არ დგას და მათი ოფისებიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია ახლა თავის მართლების უშედეგო რეჟიმშია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ძალადობის ყველა შემთხვევა ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებული და წინასწარ დაგეგმილი იყო. ამბობენ, რომ თითოეულ დაშავებულ პოლიციელსა თუ მომიტინგეზე პირდაპირი პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ეკისრებათ, რაც უმრავლესობის თქმით, თავად ელენე ხოშტარიამაც აღიარა.

წინა დღეებისგან განსხვავებით, გუშინ, დემონსტრანტებმა აქციაზე მხოლოდ რამდენიმე ერთეული პიროტექნიკა გამოიყენეს, პირველად არ ყოფილა ფიზიკური დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის. იყო მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ეპიზოდი.

დღის ამბები