თბილისის საქალაქოს სასამართლოში, საპროტესტო აქციაზე, 6 დეკემბერს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
2 დღის წინ, სამართალდამცველებმა სულ 48 ადამიანი დააკავეს.
დემონსტრანტები, წინასწარი მოთავსების იზოლატორში, უფლებადამცველებმა და ომბუდსმენმა მოინახულეს.
აქციის დროს ერთ-ერთი დაკავებული, სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
"ვიმყოფებოდი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ სამ მწკრივად ჩალაგებულნი იყვნენ რობოკოპები. შესაბამისად, მივხვდი, რომ დარბევა უნდა დაწყებულიყო. მარცხენა მხარეს, ტროტუარზე ვიმყოფებოდი, როდესაც მოულოდნელად, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე, 10 კაცამდე ჯგუფი, ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა ჩვენკენ, ანუ გამოიქცნენ დასაკავებლად, როცა შეგვიყვანეს მინივენში ჩამარტყეს წიხლი გულმკერდის არეში. ხილული არ არის, მაგრამ შიგნიდან მტკივა. პოლიციელებმა წარმოადგინეს ჩვენებები, რომლებიც იყო ერთმანეთთან შეუსაბამო, შესაბამისად მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილებით გამათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან", - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა.
ასევე სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს სანდრო მეტრეველის უფლებადამცველი, ნინო ლომინაძე. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წამოყვანილია უკვე იზოლატორიდან. შესაბამისად, მოვიკითხე ინფორმაცია და ჯერ სასამართლოში შემოტანილი არ არის მისი საქმე, არ ვიცით, რომელ მოსამართლეს აწერია. სამართლებრივი შემადგენლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა გულისხმობს, სანდროს არ განუხორციელებია აღნიშნული ქმედება. მხოლოდ მას შემდეგ მოხდა მისი დაკავება, როდესაც სპეცრაზმელმა გაარკვია, რომ ის იმყოფებოდა აქციაზე. დაზიანებები აღენიშნება. ჩვენ სპეციალური საგამოძიებო ორგანიზაციას მივაწოდეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. დაკავებისას მოხდა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება და მიმართულია უკვე ყველა შესაბამის ორგანოზე", - განაცხადა ნინო ლომინაძემ.
კიდევ ერთი დემონსტრანტის ადვოკატი აცხადებს, რომ მომიტინგეს სამართალდამცველებმა ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს ხელი, რომელზეც არ იციან, რას დაწერენ.
მისივე თქმით, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
"როგორც გავიგეთ, ედავებიან წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რაც არის სრული აბსურდი. ეხმარებოდა აქციის მონაწილეებს, თვითონ არის ექიმი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. დააკავეს ამ მომენტში, გავიგეთ, არის ნაცემი, ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს ხელი და იმ ფურცელზე რას დაწერენ არ ვიცით. სამი მონაწილეა დაკავებული, დანარჩენ ორზე ინფორმაცია არ გვაქვს როდის ექნება პროცესი, აქ არიან თუ არა", - განაცხადა უფლებადამცველმა.