საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა რეზი კიკნაძემ, სასამართლო სხდომაზე სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. რეზი კიკნაძემ სხდომაზე მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელები დაასახელა. მისმა ადვოკატმა კი, დარღვევებზე ისაუბრა.
რეზო კიკნაძის ადვოკატმა ბრალდებულის დაკავების დროს, დარღვევებზე სხდომის შემდეგაც ისაუბრა. უფლებადამცველი ყვება, რომ კიკნაძეს დაკავების შემდეგ სამართალდამცველები აიძულებდნენ დაესახელებინა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი და ეთქვა, რომ ისინი აქციაზე დგომის სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ.
რეზო კიკნაძესთან ერთად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 4 პირს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე პატიმრობა შეუფარდა. პროკურორებმა ეს შუამდგომლობა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებით დაასაბუთეს. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
დღესვე, სასამართლომ რამდენიმე დაკავებულის ადმინისტრაციული დარღვევის საქმეზე იმსჯელა. მათ შორის, "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ბექა ყორშია 2200 ლარით დააჯარიმა. 3 დღის წინ დაკავებულმა ჟურნალისტმა კოლეგებს იზოლატორში არსებული ვითარება გააცნო.
ბექა ყორშიას მსგავსად, დააჯარიმეს აქციის მონაწილე სანდრო მეტრეველი. მას 2300 ლარიანი სახდელი დააკისრეს. არცერთი პირი, სამართალდამრღვევად თავს არ მიიჩნევს.
სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსებით, აქციების განმავლობაში დაკავებულთა რაოდენობა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე შეაჯამა.
დაკავებულების საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.