ორი ან სამი ადამიანის მკვლელობა ქვეყანაში უმართავი პროცესების დასაწყებად და საპროტესტო მუხტის ასაწევად - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრული გეგმა, რომელიც, სუსის მტკიცებით, თავის მხრივ უცხოური სპეცსამსახურებთან კოორდინაციითაა შექმნილი, მეორე დღეა, პოლიტიკური განხილვის თემაა. ოპოზიცია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, სადაც კონკრეტულად არის დასახელებული, თუ როგორ აპირებენ კონკრეტული ძალები საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, მუქარად აღიქვამს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არავითარი კავშირი მსგავსი ტიპის სცენართან არ აქვთ და ბრალს ძალადობაში მხოლოდ ძალოვნებს სდებენ.
"ქართული ოცნება" უკვე კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობს. მაგალითად, თუ როგორ ემუქრებიან უცხოური ნომრიდან კონკრეტულ დეპუტატს - "სწორ ხაზზე დადექით, რომ მსხვერპლი არ იყოს", წერია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც პარლამენტარმა ინგლისურ ენაზე დღეს მიიღო. ამავე კონტექსტში მმართველი ძალა საუბრობს აქციების დახურულ საორგანიზაციო ჯგუფებში არსებულ მიმოწერებზეც, სადაც ასევე ძალადობასა და მსხვერპლზეა საუბარი. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, "ოცნება" სრულიად იზიარებს სუსის პრევენციულ განცხადებას და ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური საკუთარი მოქალაქეების დაცვას ცდილობს.
შეტყობინება, რომელსაც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაუგზავნის, შესაძლოა ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის საქმეზე დამატებითი მტკიცებულება აღმოჩნდეს. ინფორმაცია, დანაშაულებრივი ჯგუფის სამოქმედო გეგმაზე, სუსმა გუშინ გაავრცელა და თქვა, რომ მომდევნო დღეებში სქემაში ჩართული პირები, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კოორდინაციით, რადიკალური განწყობების წახალისებას და ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყებას გეგმავენ. სუსის ინფორმაციით, აღნიშნულ სცენარში მონაწილე პირების განზრახვით ვითარების ესკალაცია, საბოლოოდ, ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრულ გეგმას საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დახურულ ჩატებშიც ადასტურებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი გეგმის შემსრულებლების განზრახვა, საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა და საბოლოოდ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა. ბოლო ეტაპამდე მისასვლელად შესაბამისმა აქტორებმა, სახელისუფლებო კრიზისი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შექმნან. გეგმა ე.წ. "ფერადი რევოლუციებისთვის" დამახასიათებელი სცენარებით უნდა განვითარდეს, მისი კულმინაცია კი 2 ან 3 ადამიანის მკვლელობა უნდა იყოს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საფრთხე რეალური, უსაფრთხოების სამსახურის განცხადება კი პრევენციულია. მმართველ პარტიაში, დღეს შესაძლო დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, სუსის სხვა გაფრთხილებებიც გაიხსენეს, მათ შორის ერთი არჩევნებამდე 10 დღით ადრე გავრცელდა, მეორე კი გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაშინაც აქციებზე პროვოკაციების მოწყობაზე, ძალადობრივი სცენარების განვითარებასა და სამთავრობო შენობების ბლოკირება-პარალიზებაზე საუბრობდა. სუსი ასევე ირწმუნებოდა, რომ ორგანიზაცია "კანვასი" საქართველოში ახალგაზრდებს რევოლუციური პროცესებისთვის ამზადებდა. მმართველი გუნდის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებში მოყვანილი ფაქტების უმრავლესობა მალევე დადასტურდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამაფრთხილებელი განცხადება გუშინ გაავრცელა. მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა და მიმართა - ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა მათი ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებით დააფიქსირონ და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.