ოკუპანტი ქვეყნის სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა. გასულ ღამით, რუსულმა დრონებმა შეტევა ხერსონის ოლქზე განახორციელეს. დაიღუპა 2 ადგილობრივი, 6 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად განადგურდა სამი მრავალსართულიანი შენობა და ინფრასტრუქტურა
ომში მყოფი ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტმა უკრაინის მიმართულებით 132 დრონი გაუშვა, მათგან 58 -ის ჩამოგდება თავდაცვის ძალებმა შეძლეს, ხოლო 72 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
რთულია ვითარება პოკროვსკის მიმართულებითაც. უკრაინაში რუსეთის 33-თვიანი სრულმასშტაბიანი შეჭრის პირობებში, პოკროვსკი უმძიმესი ბრძოლების ადგილი იყო. ადგილობრივების თქმით, აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. ოკუპანტს ქალაქამდე 1,5 კილომეტრი აშორებს.
თავდაცვასთან ერთად, უკრაინა მტრის ტერიტორიაზე შეტევასაც განაგრძობს. ომში მყოფმა ქვეყანამ რუსეთის ორიოლის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყა, რომელიც ოკუპანტის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს. ნავთობის ბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ფრონტის ხაზის პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის უკრაინამ მუშაობა უნდა განაგრძოს მაშინაც, თუ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიწვევას ახლა არ მიიღებს.
იტალია მზად არის, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, თუ ომის დასრულების შეთანხმება კონტროლირებადი სადემარკაციო ხაზის შექმნას გაითვალისწინებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა. უწყების ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში მშვიდობისა დამყარებისთვის, სწრაფი მოლაპარაკებები დაიწყება, რაშიც იტალია მონაწილეობას აპირებს.
ავტორი: მარიამ იობიძე.