24 დეკემბერი 2024,   03:13
ვრცლად
არსებობს თუ არა ვადამდელი არჩევნების სამართლებრივი საფუძველი - ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე, ხოლო "ქართული ოცნება" კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს

კრიზისის განმუხტვის მთავარ გზად ოპოზიცია, პრეზიდენტის მსგავსად, ახალი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს. პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმ სტრატეგიაზე საკონსულტაციოდ შეიკრიბნენ, თუ როგორ უნდა მიაღწიონ შედეგს და არაერთი სამართლებრივი ბარიერის არსებობის შემთხვევაში მათთვის მისაღები საარჩევნო თარიღი გამოცხადდეს.

ოპოზიციის განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ არის მხოლოდ სამი საფუძველი, რისი არსებობის შემთხვევაშიც ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია, თუმცა, მათივე თქმით, ახლა არცერთი მათგანი არ არსებობს.

სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმებას მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ითხოვს. დარჩენილი 6 დღის განმავლობაში ორბელიანების სასახლეში ელოდება ყველას. მან მოლაპარაკების ინიციატივით მიმართა ბიძინა ივანიშვილს, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მსჯელობის დროს ერთადერთი საკითხი უნდა იყოს განხილული - როდის და რა ფორმით ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

კონსტიტუციის მიზანმიმართულად უგულებელყოფა ან არ ცოდნა - მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ინიციატივის მოსმენის შემდეგ მხოლოდ ეს შთაბეჭდილება დარჩათ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპონენტებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ არჩევნების დანიშვნის საკითხს, სხვა სამართლებრივ მექანიზმებთან ერთად, ქვეყნის კონსტიტუციაც აწესრიგებს, დადგენილი ნორმების იგნორირება კი, შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულიც კი იყოს.

2024 წლის არჩევნებიდან 2 თვე გავიდა და, ამ დრომდე, მის შედეგებს არც ოპოზიცია და არც პრეზიდენტი არ აღიარებს. სახელისუფლებო ძალა ახალი არჩევების დანიშვნას არ აპირებს. ამბობენ, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია პოლიტიკური სპეკულაციაა და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.

დღის ამბები