24 დეკემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ახალქალაქი, შუახევი, ზუგდიდი, რუსთავი, წყალტუბო და დმანისი - საახალწლო ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში

ახალქალაქი, შუახევი, ზუგდიდი, რუსთავი, წყალტუბო და დმანისი - საახალწლო ღონისძიებები დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ერთდროულად მიმდინარეობს. ყველა ამ ლოკაციაზე დილიდანაა გახსნილი საშობაო ბაზრობები. პარალელურად, მიმდინარეობს ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები.

წყალტუბოს ცენტრში პატარების საზეიმო განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. დილიდან მოწყობილია საშობაო სოფელი, ბაზრობა, ინსტალაციები და არაერთი გასართობი სივრცე, დღის ბოლოს კი მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ქართველი შემსრულებლებიც წარდგნენ.

ახალი წლის მოახლოება სამეგრელოშიც იგრძნობა - ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ, მოწყობილია სხვადასხვა დეკორაციები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საღამო ზუგდიდში გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

ზუგდიდში, საახალწლო ღონისძიების პარალელურად, საპროტესტო აქციაც გაიმართა.

დილიდან საზეიმო განწყობაა ახალქალაქშიც. ქალაქის ცენტრალურ პარკთან მოწყობილია სხვადასხვა თემატური სივრცე, საშობაო ბაზრობა. დღის პირველ ნახევარში, სტუმრების წინაშე ადგილობრივი მომღერლები წარდგნენ. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, საახალწლო ღონისძიება ახალქალაქშიც გრანდიოზული ფეიერვერკით და გალა კონცერტით დაგვირგვინდა.

ახალი წლის დღეები დმანისშიც დილიდან აღინიშნება. მერიის მიმდებარედ, განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. დღის ბოლოს, მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხეც აინთო.

ახალი წლის მოახლოება შუახევშიც იზეიმეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. გაიმართა როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტი.

საზეიმო ღონისძიები 21 დეკემბერს დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდება. საგარეჯო, სიღნაღი, თიანეთი, აბაშა, ონი და ზესტაფონი - გასართობი ღონისძიებები ხვალაც გაიმართება.

დღის ამბები