25 დეკემბერი 2024,   08:18
ვრცლად
დაჭრილი მოზარდის დედა აცხადებს, რომ პირი, რომელმაც სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა არის "ნაცისტური" დაჯგუფების წევრი და ის თანამოაზრეებთან ერთად ნიღბებით გადაადგილდება

თბილისში, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი დაჭრა. 16 წლის მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაული ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

"კურიერი" დაჭრილის დედას ესაუბრა, მშობელი კონკრეტულ დაჯგუფებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირი, რომელიც მის შვილს თავს დაესხა, ნაცისტური დაჯგუფების წევრია. მისი თანმხლები პირები კი თავდასხმის მომენტში ნიღბებით იყვნენ.

როგორც მშობელი ამბობს, დანაშაულის ჩადენის დღესაც, ისინი ნიღბებით გადაადგილდებოდნენ.

დედის თქმით, დაახლოებით სამი წლის წინ, მის შვილსა და მოზარდს შორის მოხდა კონფლიქტი, თუმცა სკოლა შეიცვალეს და ერთი შეხედვით კონფლიქტი ამოწურული იყო, თუმცა შემთხვევამდე ცოტახნით ადრე, მზარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 16 წლის პირის მოკვლას აპირებდა, თუმცა მან ეს პოსტი მალევე წაშალა.

"რაღაც დაჯგუფებაა "ნაცისტების", სამი წლის წინ, შეხლა შემოხლა მოხდა და სკოლაში მოაყენა ნიღბიანი ბიჭები, მერე თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი, მაგრამ სულ ემუქრებოდა, ოღონდ დიდი ბიჭებით, მაგრამ როგორც ვხვდები ბიძამ ყველაფერი იცოდა. გიოს ვერ იტანდა. დაინახავენ ვიღაცას თუ არ მოეწონათ შეიძლება დანა გაუყარონ. ჩემს შვილთან რა უნდოდა არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს ბავშვი გადავიდა ამ სკოლიდან. მერე, თურმე დაუწერინებიათ უნდა მოკლაო. როცა გაიგო, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვივიდა, უცებ აიღო სტატუსი", - განაცხადა დაჭრილის დედამ.

"კურიერის" ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს, თბილისის დინამოს ფანკლუბის "ელიტას" წევრია. ეს ორგანიზაცია საკმაოდ დახურულია და კომუნიკაცია არ აქვს არც თბილისის დინამოსთან.

"კურიერის" ინფორმაციით, ამ ჯგუფის წევრები არიან, როგორც ზრდასრულები, ასევე არასრულწლოვანებიც. როდესაც "კურიერი" მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, ინტერნეტით გავრცელებულ ყველა ფოტოსა და ვიდეოში ჯგუფის წევრები არიან ნიღბებით და მათ იდენტიფიცირება შეუძლებელია.

 

დღის ამბები