მმართველი გუნდი 28 დეკემბერს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ ცოცხალი ჯაჭვის აქციას კანვასის ტრენინგებს უკავშირებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სწორედ ამ ტრენინგებზე ისწავლებოდა პროტესტის ის ფორმები, რომლებსაც დღეს აქციის ორგანიზატორები იყენებენ. მათივე თქმით, ფაქტს რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიც ადასტურებს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ აქციებში მონაწილე ადამიანების დიდი ნაწილი არიან რადიკალები და ისინი მოქმედებენ გეგმით. აქვე, მაჭავარიანი ამბობს, რომ იქ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ არიან რადიკალიზმისთვის განწყობილები.
"დიდი ნაწილი ამ აქციაში მონაწილეებისა, არიან რადიკალები, პარტაქტივი და ისინი მოქმედებენ გეგმით, რა გეგმაც მათ მაკკეინის ინსტიტუტმა გადასცა, როგორც ისინი გადაამზადა, მაგალითად, ბატონმა აკერმანმა. შემდეგ, ჩვენ გვახსოვს, დაახლოებით ერთ წლის წინ, როდესაც "ფრანკლინიკის კლუბის" ახალგაზრდები და ნაცების ახალგაზრდები და რადიკალური პარტიის ახალგაზრდები, გადაამზადა საერთაშორისო ორგანიზაციამ "კანვასმა", რომელსაც ძალიან ცნობილი ორგანიზაცია შეგვიძლია ვუწოდოთ, რომელიც რევოლუციების დაგეგმვით არის ცნობილი. ჩვენ ამის პირდაპირი კადრები ვიხილეთ ეთერში, როდესაც სუს-მა ეს კადრები გამოიტანა. ატყუებენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თითქოს არის თვითორგანიზებული. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, რომ, რა თქმა უნდა, იქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ არიან არც პარტიის წევრები, არ არიან არც რადიკალიზმისთვის მისულები, მაგრამ მათზე გაცილებით დიდი რაოდენობის ადამიანები დგანან, რომელთა დღის წესრიგს მხოლოდ რადიკალიზაცია წარმოადგენს, პროცესების უფრო დაძაბვა და როგორც მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინში არის გაწერილი, საპროტესტო მუხტის რამენაირად სამოქალაქო დაპირისპირებაში გადატანა," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.