26 დეკემბერი 2024,   03:50
ვრცლად
"ის, რომ ამ პროტესტს ლიდერი არ ჰყავს, ეს ძალიან აბნევს ხელისუფლებას" - ანა ბუჩუკური

მმართველი გუნდის განცხადებას, რომ 28 დეკემბერს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ ცოცხალი ჯაჭვის აქციას "კანვასის" ტრეინინგებს უკავშირებენ, ოპოზიციაში პასუხობენ. ისინი უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროტესტი თვითორგანიზებულია.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, პროტესტი თვითორგანიზებული და გულწრფელია.

"ის, რომ ამ პროტესტს ლიდერი არ ჰყავს, ეს ძალიან აბნევს ხელისუფლებას და ხან სად ეძებენ ამ ორგანიზატორს, ხან რომელ ჩატში, ხან რომელ ჯგუფში, მაგრამ ვერ იპოვეს, იმიტომ, რომ ეს არის გულწრფელი, თვითორგანიზებული პროტესტი. ეს არის, რაც ყველაზე მეტად აბნევს და ამიტომ ვბრუნდებით ამ სერიალებში", - აცხადებს ანა ბუჩუკური.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, აქციები ყოველგვარი სცენარის გარეშე იმართება და ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებიც კი პროცესებს გვერდიდან უყურებენ.

"კანვასი არ ვიცი, ვინ არის. რაიმე რომ იყოს ამ პროცესში, ამ 26 დღის განმავლობაში გეგმის მიხედვით გაწერილი და ეს გეგმა "ქართულმა ოცნებამ" იცოდა წინასწარ, ამ გეგმის განხორციელება მგონი ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ ხელისუფლების ხელშია ყველა ის ძალადობრივი ინსტრუმენტი, რომლითაც შეეძლო ეს გეგმა ჩაეგდო. ამ ზღაპრის დაჯერება, რომ თურმე 26 დღეა ზუსტად იციან, რომ გეგმის მიხედვით მიდის რაღაცები და ესე იგი, ბოლოც იციან ამ გეგმის რა არის და გააჩერონ მაშინ პროცესი. ვერანაირი სცენარი აქ ვერ მოქმედებს, პოლიტიკური პარტიებიც კი ვუყურებთ ამ პროცესს გვერდიდან", - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.

 

დღის ამბები