"რუსთავი 2-მა" მზადება ახალი წლისთვის 3 თვით ადრე დაიწყო. სადღესასწაულო ეთერისთვის არხმა საახალწლო კონცერტების სერია მოამზადა.
განწყობას ტელეეკრანებთან მოკალათებულებისთვის საყვარელი შემსრულებლები და ტელეწამყვანები, ქართული თუ უცხოური, საახალწლო თუ არა საახალწლო, კარგად ნაცნობი ჰიტებით შექმნიან.
ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, წლის პირველი კონცერტი, ჯგუფ "ურსას"ეკუთვნის. მათი პირველი სატელევიზიო სოლო კონცერტი "რუსთავი 2-ზე" 1 იანვარს 0 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
თქვენი ეკრანებიდან დიდ სცენაზე ინაცვლებენ თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი, სცენამდე იყო რეპეტიცია კულისებში.
თქვენთან შესახვედრად საგულდაგულოდ მოამზადეს სასცენო კოსტიუმები.
სასცენო წყვილი პირველი იანვრის ღამეს "რუსთავი 2-ის" მაყურებელს დღესასწაულს მოუწყობს ბენდ "კაი ტიპებთან ერთად".
"კაი ტიპების შემდეგ" ზუკა ხუციშვილის დროა, გიო ხუციშვილის უკვდავი სიმღერებით ბენდთან და მეგობრებთან ერთად.
საახალწლო ეთერი "რუსთავი 2-ზე" არ ჩაივლის ყველაზე მეგობრული ჯგუფის გარეშე - "რეზო და ბავშვები", ბავშვური სიხალისით, ყველასათვის ნაცნობი ჰიტებით და ექსპერიმენტული დუეტით, რომელიც "მაგარ" საღამოს გვპირდება.
მუსიკალური ნომრებით გიმასპინძლებენ "რუსთავი 2-ის" სახეებიც.
"რუსთავი 2" უკვე 30-ე ახალ წელს გილოცავთ და ამჯერადაც სატელევიზიო დღესასწაულზე გეპატიჟებათ უცვლელ მისამართზე - ტელეეკრანებთან.