05 იანვარი 2025,   04:59
ვრცლად
მსოფლიო სპორტის 2024 წელი, მიღწევები, რეკორდები - დაძაბული, ბედნიერი და ამაღელვებელი მომენტები

მსოფლიო სპორტის 2024 წელი, მიღწევები, რეკორდები - დაძაბული, ბედნიერი და ამაღელვებელი მომენტები. დიდი სპორტიდან ვეტერანები მიდიან, გულშემატკივარი კი ახალ კერპებს ეძებს.

2024 - ოლიმპიური წელი იყო. ყველაზე დიდი სპორტული ფორუმი პარიზში ჩატარდა. ოლიმპიადის გახსნის შთამბეჭდავმა ღონისძიებამ მსოფლიო აალაპარაკა. ისტორიაში პირველად, ცერემონია სტადიონს გასცდა და მდინარე სენაზე გადაინაცვლა. 200-ზე მეტი ქვეყნის 10 000-ზე მეტი ოლიმპიელი მსოფლიოს ნავებიდან მიესალმა. ვეტერანმა ვარსკვლავებმა კი მთელი პარიზი ჩირაღდნით ხელში მოიარეს. ოლიმპიური ცეცხლი აინთო.

პარიზის ოლიმპიადაზე 10 დისციპლინაში 125 ოლიმპიური რეკორდი დამყარდა. გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გახდა. მათ ჯამში 40 ოქროს, 44 ვერცხლის და 42 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სამეულში მოხვდნენ ჩინეთის და იაპონიის ოლიმპიური ნაკრებები. საფრანგეთის დედაქალაქში გამართული ოლიმპიური თამაშები სარეკორდო იყო დასწრების მხრივაც.

პლანეტის ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობაში ორი კონტინენტის თასი გათამაშდა. იქამდე იყო მადრიდის რეალის ტრადიციული ტრიუმფი. სამეფო კლუბმა კიდევ ერთხელ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო. ისტორიაში მეთხუთმეტედ, რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის ბორუსიას 0-2 აჯობა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. დე ლა ფუენტეს გუნდმა ფინალში ინგლისს 2-1 სძლია. ესპანელთა მხრიდან გოლები უილიამსმა და ოიარსაბალმა გაიტანეს. ინგლისელების ერთადერთი გოლი კოულ პალმერის ანგარიშზეა. საუთგეიტის გუნდმა ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო, ესპანეთი კი - ისტორიაში მეოთხედ, კონტინენტის თასის გამარჯვებული გახდა.

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად კოპა ამერიკა გაიმართა. ამერიკის კონტინენტის საფეხბურთო ტურნირი კვლავ არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ლიონელ მესის გუნდი ფავორიტი იყო. კოპა ამერიკის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კვლავ საუკეთესოდ გამოიყურებოდა. მთავარი კონკურენტი ბრაზილია, სენსაციურად მეოთხედფინალში დამარცხდა, არგენტინამ კი - ჯერ ეკვადორს, შემდეგ კანადას და ფინალში კოლუმბიას აჯობა. არგენტინამ ბოლო 4 წელში მეოთხე ტიტული მოიგო.

წლის ბოლოს გულშემატკივრების ყურადღება, ოქროს ბურთის გალა დაჯილდოებისკენაა მიმართული. ვინ გახდება წლის საუკეთესო ფეხბურთელი ?! ამ კითხვაზე პასუხი გულშემატკივარს, თითქოს დიდი ხნით ადრე ჰქონდა.. მოგებული ჩემპიონთა ლიგის და ინდივიდუალურად საოცარი სეზონის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბალონ დორი" ვინისიუს ჟუნიორმა მოიგო.. ყველაფერი, დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე შეიცვალა. მიზეზი კვლავ წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ოქროს ბურთი ესპანელ როდრის გადაეცა. ბრაზილიელის მოლოდინი ამ ჯილდოს მოგების იმდენად დიდი იყო, რომ იმედგაცრუებული ცერემონიასაც კი არ დაესწრო. მხოლოდ ვინისიუსი არა, ფრანს ფუტბოლს ბოიკოტი მადრიდის რეალმა გამოუცხადა. კლუბის არცერთი წარმომადგენელი პარიზში არ ჩასულა.

2008 წლის შემდეგ პირველად. ბოსტონი ენბიეის გამარჯვებულია. სელტიქსმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მე-18 ჩემპიონობა იზეიმა და კვლავ, ერთპიროვნულად ყველაზე ტიტულოვანი ორგანიზაციის სახელი დაიბრუნა. ფინალური სერიაში დალას მევერიქსთან 5 მატჩის შემდეგ, ჯო მაცულას გუნდმა მეტოქეს 4-1 მოუგო და 16 წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიპოვა. ფინალების საუკეთესო კალათბურთელი ჯეილენ ბრაუნი გახდა. მან ბოლო მატჩში 21 ქულა მოაგროვა, მთელი სერიის განმავლობაში კი - ყველაზე გამორჩეული იყო.

ლეგენდა წავიდა. დიდი სლემების 22 გზის ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა პროფესიონალური ჩოგბურთი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით მასზე უფროსებიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ, ესპანელს ბოლო წლებში ქრონიკული ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მისთვის ჩვეულ დონეზე ასპარეზობას ვერ ახერხებდა. რაფამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა და დიდი სამეულის მეორე წევრი გახდა, ფედერერის შემდეგ, რომელმაც კარიერა დაასრულა. ბოლო მატჩი ესპანელმა დევისის თასზე 19 ნოემბერს გამართა. ნადალი კარიერაში ორჯერ ავსტრალიის, ორჯერ უიმბლდონის, 4-ჯერ ამერიკის და 14ჯერ საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. რაფაელ ნადალი ოლიმპიური ჩემპიონია. მან ოქროს მედალი ესპანეთის ნაკრებს 2008 წელს მოუტანა.

თანამედროვე ჩოგბურთში თაობათა ცვლის პროცესი გრძელდება. ნადალი და ფედერერი ჩოგბურთიდან წავიდნენ. ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს, თუმცა 37 წლის ჩოგბურთელს ახალ სისხლთან და ენერგიასთან გამკლავება სულ უფრო მეტად უჭირს. დიდი ხნის შემდეგ პირველად, სერბმა ჩოგბურთელმა გასულ წელს ვერცერთი პრესტიჟული ტიტულის მოგება ვერ შეძლო. ოთხივე დიდი სლემის თასი - ახალი თაობის ვარსკვლავებმა აღმართეს. სეზონის პირველი და ბოლო ტურნირები, ავსტრალიის და ამერიკის ღია პირველობები იანიკ სინერმა მოიგო. მისი მთავარი მოწინააღმდეგე კარლოს ალკარასი უიმბლდონის და საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

მაქს ფერსტაპენის დომინაცია ფორმულა 1-ში გრძელდება. ნიდერლანდელმა პილოტმა ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა იზეიმა, რითაც ავტოსპორტის ლეგენდებს ალენ პროსტსა და სებასტიან ფეტელს გაუთანაბრდა. უფრო მეტი ჩემპიონობა მხოლოდ მიხაელ შუმახერს, ლუის ჰემილტონსა და ხუან-მანუელ ფანხიოს აქვთ. ფერსტაპენმა წლევანდელი ტიტული ორი ტურით ადრე, ლას ვეგასში გაინაღდა. ნიდერლანდელმა დარჩენილი ორი რბოლიდან ერთი, ყატარის გრანპრიც მოიგო.

ლეგენდა დაბრუნდა. მართალია, ნახევრად საჩვენებელი ბრძოლა ყოფილ "იუთუბერთან" ჩაატარა, თუმცა მისი ხილვა რინგზე სპორტის და კრივის ყველა გულშემატკივარს განსაკუთრებულად გაეხარდა. მაიკ ტაისონისა და ჯეიკ პოლის ორთაბრძოლა არლინგტონის 80-ათასიან სტადიონზე გაიმართა. 19 წლის შემდეგ დაბრუნებულ მოკრივეს, 31 წლით უმცროს მოწინააღმდეგესთან შერკინება გაუჭირდა. მიუხედავად ამისა, ტაისონმა პირველი რაუნდები კარგად ჩაატარა, რინგზე კი - ბოლომდე გაძლო და არბიტრების გადაწყვეტილებით დამარცხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რკინის მაიკმა ამ ჩხუბით 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2025 წელი ბევრ საინტერესო და შთამბეჭდავ სპორტულ მოვლენას გვპირდება. განახლებული ფორმატები, ახალი ტურნირები და უამრავი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც სპორტის გულშემატკივარი ყურადღებით დააკვირდება.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები