05 იანვარი 2025,   19:08
ვრცლად
ტრამპთან შეხვედრის მოლოდინი, რუსული თავდასხმები, გაზის შეწყვეტილი ტრანზიტი და პარტნიორების კრიტიკა - ზელენსკი ომის დასრულებაზე და ამ პროცესში ტრამპის როლზე საუბრობს

ომის 1045-ე დღე უკრაინის დედაქალაქში ისევ აფეთქებების ფონზე დაიწყო. რუსეთის თავდასხმას კიევში 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა. თავდაცვის სისტემამ დრონები ჩამოაგდო, თუმცა, ნამსხვრევებმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ცეცხლი გაჩნდა გოლოსეევსკის რაიონში. ხანძარი იყო სუმშიც, საოკუპაციო რეჟიმმა ოლქს დრონებით დაარტყა. დაშავდნენ მოქალაქეები. რუსეთმა დაბომბა კრამატროსკიც. განადგურებულია 3 სართულიანი კორპუსი.

უკრაინის პრეზიდენტმა დახმარება ისევ მოკავშირეებს სთხოვა. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპსაც ესაუბრა და თქვა, რომ 20 იანვრის შემდეგ შეხვედრას მალევე გამართავს ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან, რომელსაც მშვიდობის გარანტად მიიჩნევს.

ზელენსკი ამერიკას ევროპაში გაზის მიწოდების გაზრდასაც სთხოვს. მას შემდეგ, რაც რუსული გაზის ტრანზიტზე უკრაინამ უარი თქვა, კრიტიკა მიიღო ევროპელი ლიდერებისგან. თუმცა, ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის გავლით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს ევროპელ პოლიტიკოსებზეც, რომლებიც მისი თქმით, მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ანიჭებენ უპირატესობას.

თავად მოსკოვი რუსული გაზის მიწოდების შეჩერებაზე პასუხისმგებლობას ამერიკას, უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს აკისრებს. მარია ზახაროვა დარწმუნებულია, რომ ტრანზიტზე ზელენსკის უარი ევროპის არა მხოლოდ ეკონომიკურ პოტენციალს ასუსტებს, ასევე, უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზეც.

ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი კიევმა პირველი იანვრიდან შეწყვიტა.

დღის ამბები