09 იანვარი 2025,   07:10
ვრცლად
"ჩვენს ქვეყანაში ამ მისიას ჰქონდა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები" - ლევან სანიკიძე ფაქტ-ჩეკების პროექტის გაუქმებაზე

თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემა გახდა "მეტას" გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტ-ჩეკების პროექტს აჩერებს. სოციალური ქსელების გიგანტი ფაქტების გადამოწმების ამჟამინდელ პროგრამას წყვეტს და ილონ მასკის X-ის მსგავს "საზოგადოების შენიშვნების“ პროგრამაზე გადადის.

ამის შესახებ "ფეისბუქის" დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

"ფაქტების შემმოწმებლები პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს", — აცხადებს მარკ ცუკერბერგი.

"მეტას" გადაწყვეტილებას სტატუსი მიუძღვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "ფეისბუიქი" მანკიერ სისტემას აუქმებს და ახლა ყველასთვის ნათელი გახდა, რა სქემით იქცა "ფეისბუქი" საქართველოს მოსახლეობის აზრის მანიპულირების მთავარ იარაღად.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ფაქტ-ჩეკების პროექტს საქართველოში როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი ჰქონდა.

"ჩვენს ქვეყანაში ამ მისიას ჰქონდა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ჩვენ არაერთგზის გვინახავს, რომ ძალიან პოზიტიური შედეგი გამოუღია,"ქართული ოცნების" არაერთი მითი და პროპაგანდა უმხილებია, მაგრამ იყო შემთხვევებიც, როდესაც მოწმენდილ ცაზე, აბსოლუტურად გამჭვირვალე და სუფთა სახით მოწოდებული სხვადასხვა სიახლე "ფეისბუქს" ჩაუთვლია, როგორც დეზინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ორაზროვანი დამოკიდებულება აქაც არსებობს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები