10 იანვარი 2025,   03:57
ვრცლად
აშშ-მა, რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე, უკრაინის ახალი, 500 მილიონიანი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე, უკრაინის ახალი, 500 მილიონიანი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საკონტაქტო შეხვედრაზე განაცხადა, რომ დახმარება მოიცავს რაკეტებს, საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.

"მე შთაგონებული ვარ ამ საკონტაქტო ჯგუფით, თქვენ ყველა აქ დამსწრენი სწევთ დახმარებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას შეეძლოს დაიცვას საკუთარი თავი და იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის. დღეს ვაცხადებ მორიგ პაკეტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია. მასში შედის დამატებითი რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა უკრაინის F-16-ების მხარდასაჭერად. აქ, რამშტაინში, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო უკრაინას იცხოვროს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში და შექმნას უფრო სამართლიანი და ღირსეული მსოფლიო და ჩვენი ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების სამხედრო კონტინგენტის განთავსება უკრაინაში საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება, აიძულონ რუსეთი მშვიდობას დათანხმდეს.

მისვე თქმით, ბრიტანეთიდან ამ საკითხზე დადებითი სიგნალებია.

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინსტრუმენტი ვიპოვოთ, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს. ვფიქრობ, უკრაინაში პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. აშკარაა, რომ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ახალი ეტაპი იწყება, სულ რაღაც 11 დღეში, დრო, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად უნდა დავეყრდნოთ და კიდევ უფრო დიდ შედეგებს ერთად უნდა მივაღწიოთ. მე მოგიწოდებთ ყველას, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ უპილოტო თვითმფრინავების არსენალის გაზრდაში. მეტი ინვესტიცია ჩადეთ ამ უკრაინულ ძალაში, რადგან ომის შემდეგ ის ასევე გახდება თქვენი ძალა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები