"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს.
ამის შესახებ ნონა ქურდოვანიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, ეს არის მზია ამაღლობელის მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმა. "საიაში" ისაუბრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრების პროცედურებზეც.
"ის არ იღებს საკვებს და ამის შესახებ ინფორმირებულია ციხის ადმინისტრაცია. ყოველ ჯერზე კეთდება შესაბამის აღნიშვნა, რომ მან საკვები არ მიიღო. მასთან გასაუბრების შემდგომ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც მზია ამაღლობელმა გადადგა პროტესტის ნიშნად და ის იღებს მხოლოდ წყალს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხრიდან, ეს საჩივარი გაიგზავნა დაგვიანებით და 4 დღე ისე გავიდა, რომ საჩივარი არ იყო მისული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მხოლოდ დღეს, დილის საათებში დაგვიდასტურეს, რომ დღეს ჩაჰბარდათ მათ საჩივარი, რაც წარმოადგენს საპროცესო დარღვევას", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.