
სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ 8 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - სავარაუდოდ, სასამართლო დღესვე იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიებაზე. საქმე ერთია, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ 4 დაკავებულის სხდომა ცალკე გაიმართება, 4-ის - ცალკე.
ბრალდებულებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი.
"თბილისი მოლის" მიმდებარედ დაკავებულების ნაწილს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს რომ ედავება, გუშინ გახდა ცნობილი.
ბრალის შინაარსი ასეთია: ჯგუფურად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირების მცდელობა - ეს დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"რაც შეეხება გიგის [უგულავას] განცხადებას, რა თქმა უნდა, ის ბრალის დადგენილებას არ დაეთანხმა, ხელი არ მოაწერა იმიტომ, რომ ეს აბსურდიც არ არის, უბრალოდ, არაფერი წერია მაგ დადგენილებაში. თავად ბრალის დადგენილება მოიცავს დათქმას, რომ სხვებიც ცდილობდნენ ამ 8 პირთან ერთად იმავეს გაკეთებას. რა კრიტერიუმით შეირჩა ჯერ ეს 8 ადამიანი და რატომ იტყუება ასე ცალსახად საგამოძიებო ორგანო, უბრალოდ არ არის“, - აცხადებს გიგი უგულავას ადვოკატი ირაკლი აბესაძე.
ადვოკატები აცხადებენ, რომ გზის ბლოკირების მცდელობა არ ყოფილა.
"ბატონი წიგნაძე არის იმ ჯგუფში, რომელშიც არის ბატონი უგულავა. არ იცნობს დაკავებულებს და ასევე საინტერესოა, რომ დაკავებული 8 ადამიანის საქმე არის 2 ნაწილად გაყოფილი და ოთხ-ოთხად ჩატარდება აღკვეთის ღონისძიება.
მას [ირაკლი წიგნაძეს] მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წესითაც არ უნდა ყოფილიყო დაკავებული, შემდგომ ის გაათავისუფლეს ხელწერილით, გამოვიდა ეზოში და ეზოშივე მოხდა მისი სისხლის სამართლის წესით დაკავება. ბუნებრივია, წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, მისი პოზიცია არის, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია", - აცხადებს ირაკლი წიგნაძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა.