
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებული კიდევ 7 პირის პროცესი მიმდინარეობს. რვავე პირს გამოძიება "თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება და მათ მიმართ 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
ადვოკატები ბრალდების შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ.
პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და დარბაზში მყოფ სამართალდამცავებს რამდენიმე კითხვით მიმართა.
"სადამდე უნდა გაგრძელდეს, სადღაც ხომ უნდა ჰქონდეს ამას ბოლო? ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ დღეს რომ ჩვენ დაგვიჭერენ, ხვალ ათი იმდენი ადამიანი არ გამოვა? ეს ხომ არ დასრულდება ასე. ეს ხომ ზამბარაა, რომელსაც თქვენ წელავთ და ზამბარას ერთი გზა აქვს, როგორც კი ხელს გაუშვებ, ის უკან გიბრუნდება და გხვდება შენ. ამაზე დაფიქრებულხართ?!" - აღნიშნა გიგი უგულავამ.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა დაკავებულმა დიმიტრი ბიძინაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალს არ ეთანხმება. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.